26 მაისის ღონისძიებებისთვის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარს გამოყოფს

პუბლიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსებისების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ მთავრობის 8 მაისის განკარგულებაში წერია. 

აღნიშნული თანხა მიმართულია თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზებაზე.

მათ შორის, თბილისში, 9 აპრილის სახელობის ბაღსა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა შემეცნებით-გასართობი სივრცეები. ასევე გაიმართება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მუსიკოსები, ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

გარდა ამისა, 17:10 საათზე – იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა საზეიმო აღნიშვნა იქნება პრეზიდენტის სასახლისა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დამატებით, ამ დროს საქართველოს ჰიმნი აჟღერდება როგორც სადგურებზე, ისე მატარებლებში.

ზემოთხსენებული თანხა გადანაწილებულია სხვადასხვა სამინისტროზე, კერძოდ:

თავიდაცვის სამინისტროს – 2 422 778 ლარი;

კულტურის სამინისტრო – 2 000 000 ლარი;

რეგიონული განვითარების სამინისტრო – 825 000 ლარი;

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 695 259 ლარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 692 555 ლარი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 660 220 ლარი;

იუსტიციის სამინისტრო – 470 000 ლარი;

ჯანდაცვის სამინისტრო – 315 835 ლარი.

ღონისძიებების შესახებ კი ვრცლად, 25 მარტის განკარგულებით გახდა ცნობილი.