პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ორბიტას“ დირექტორი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას წარადგინა ხელშეკრულების შესრულების და საავანსო გადახდის უზრუნველყოფის ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსის თანხა 188 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა – 144 465 ლარი, შპს „ორბიტას“ დირექტორმა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაკავებულის მიმართ წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.