პროკურატურას შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია - ნინო ლომჯარია

პუბლიკა

ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პროკურატურას მიმართა რეკომენდაციით, რომ რაც შეიძლება მალე მიიღონ ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია. გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი და თუ ხელშეკრულება დადებულია იმ მიზნით, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს და დამყარდეს სამოქალაქო მშვიდობა, მათ ეს გადაწყვეტილება ძალიან თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარია პროკურატურას ურჩევს, რომ რაც შეიძლება დროულად მიიღონ ეს გადაწყვეტილება.

„თუმცა ვერ გეტყვით, რა გეგმები აქვს პროკურატურას ან ხელისუფლებას, რადგან თავად ხელშეკრულება ამნისტიაზე საუბრობს და თუ ამნისტიის აქტი იქნება მიღებული, ეს პარლამენტის გადასაწყვეტი და იმ პარტიების გადასაწყვეტია, რომლებიც ამ აქტს მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მედიასთან ისაუბრა იმაზეც, თუ რა საკითხები განიხილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.

სახალხო დამცველის თქმით, ნიკა მელია საუბრობს იმაზე, რომ გირაოს საკითხზე მასთან არ ყოფილა წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან.

„ის მიიჩნევს, რომ მან არ უნდა გადაიხადოს გირაო, ამბობს, რომ სწორედ იმიტომ ჩაჯდა ციხეში, რომ ის თვლიდა, რომ არ იყო სამართლიანი მისი მხრიდან გირაოს გადახდა. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების გამოსავალი მასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს გირაოს გადახდა. ეს არის მისი პოზიცია, თუმცა არ ვიცი შეიცვლება თუ არა სამომავლოდ, ან რა მოახდენს ამაზე ზეგავლენას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.