„პუბლიკის" განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ

პუბლიკა

ხელისუფლება  წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა გზაზე,  რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მედიასთან გამოცხადებული ბრძოლის ქრონიკა. 

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიასთან ბრძოლის ცხადი დადასტურებაა.

პროკურატურისა და სასამართლოს ქმედება ემსახურებოდა არა მართლმსაჯულების ინტერესს, არამედ პოლიტიკურ მოტივს და ეს მოტივი ხელისუფლებისთვის არასასურველი მედიის გაჩუმების მცდელობაა. 

ჩვენს შთაბეჭდილებას ამყარებს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების, ომბუდსმენის, ასევე, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, დამოუკიდებელი იურისტების დასკვნები და შეფასებები.

საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებას ადასტურებს მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებული მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს ჩამოქვეითება 29 ადგილით. 

ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა საჯარო ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა, გადაწყვეტილებების მიმღებებთან კომუნიკაციის პრობლემა, სოციალურ ქსელებში ე.წ. ტროლებისა და ბოტების დარაზმვა, ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობა, ხელისუფლების მიერ ღია აგრესიის წახალისება, გამუდმებული ფიზიკური ანგარიშსწორება და ა.შ.  ამ ყველაფერს კი დღეს დაემატა კრიტიკული ოპოზიციური მედიის მფლობელის დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით.

როგორც სფეროს ექსპერტები, ისე დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური სტრუქტურებისკენ  სწორედ მაშინ, როდესაც ამ ინტეგრაციის გაღრმავების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა. ცხადია, მედიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოებების ის ქვაკუთხედია, რომელსაც დასავლეთი გვერდს ვერ და არ აუვლის.

„პუბლიკის“ რედაქცია  მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, გარდა კონკრეტულ ტელევიზიაზე ანგარიშსწორებისა, არის ღია მუქარა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ. 

„პუბლიკა“ სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს „მთავარ არხზე“ და მოუწოდებს დამოუკიდებელ მედიას, ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებსა და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, გამოიჩინონ განსაკუთრებული ძალისხმევა იმ პროცესის შესაჩერებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შეუქცევადი რეგრესისკენ მიაქანებს.