ქალები ეგზისტენციალური მღელვარების ზღვარზე

დავით ბუხრიკიძე

ნინო ბასილიას ფილმი „პერსონა N2“, როგორც პორტრეტები და ავტოპორტრეტიც

ის, რაც გადაიღო, შექმნა, დაწერა თუ დაასურათხატა ნინო ბასილიამ თავის ახალ და ჩემთვის სრულიად მოულოდნელ ფილმში, სახელწოდებით „პერსონა N2“, საკმაოდ რთულად აღქმადი და არანაკლებ რთულად დასაძლევია. ფილმის პრემიერამ რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ „ამირანში“, ძირითადად, ის ხალხი შეყარა, ვინც გადაღებაში მონაწილეობდა და ვისაც კინო იმდენად უყვარს, რომ მზადაა, პანდემიის შიში თამამად დაძლიოს და თან რეჟისორის ახალი, მოულოდნელი კინოესთეტიკაც გაითავისოს.

ფილმმა უკვე მოასწრო ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზის მიღება და ასევე განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად უცხოენოვან „ოსკარზე“, რომელზეც საქართველო მას 2021 წელს წარადგენს. ასეთ ფილმებზე ამბობენ, რომ არტჰაუზით ნაკვები თუ შთაგონებულია და რომ ავტორს თავისი სამყარო და შთაბეჭდილებები უფრო ეძვირფასება. 

ცხადია, ბევრნაირი აზრის გამოთქმა შეიძლება, თუმცა ნებისმიერი საინტერესო ფილმი მაინც ქოთანივითაა, რომელსაც ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ: მემარცხენე ფლანგიდან, მეინსტრიმული ან  კონსერვატიული პოზიციიდან, ან, სულაც, ფემინისტური, ფსიქოანალიტიკური თუ სოციალური აკვიატებებიდან გამომდინარე. 

სხვათა შორის, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლები დოზით ფილმში ასახულია კიდეც… და მაინც, ჩემთვის ეს არის თანამედროვე ქართველი ქალების დოკუმენტურ-ჯგუფური პორტრეტი ინტერიერშიც და,  ვიტყოდი, ექსტერიერშიც. ასაკობრივი განფენილობა ლამის ყველა თაობის ქალ-მსახიობს გულისხმობს: 90 წლის ლამზირა ჩხეიძიდან დაწყებული, 24 წლის ანა ჯავახიშვილით დამთავრებული… ისინი კამერის წინ  ყველაფერზე საუბრობენ – სამყაროზე, საკუთარ თავზე, სიყვარულზე, სხეულზე, ამაოებაზე, შიშზე, სიკვდილზე…

ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ამ პორტრეტებს რეჟისორის ინდივიდუალური მიდგომა და ხედვის წერტილი (ან, თუ გნებავთ, ინდივიდუალური რაკურსი) განასხვავებს. ამის გამო დოკუმენტურ-მხატვრული სახეები კიდევ უფრო შთამბეჭდავად წარმოჩინდება. დრო და დრო მსახიობთა გამოსახულება შავ-თეთრი ხდება და ჩვენს თვალწინ იცვლება. შესაბამისად, იცვლება მაყურებელზე ზემოქმედების „გრადუსი“, არტისტულობის ხარისხი და ტონალობაც.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მაგალითად, თათული დოლიძის დრამატული განცდების ასეთ „კარდიოგრამას“ და ეროტიკულ  ხიბლს ერთდროულად, თანაც მოულოდნელი თეატრალური ნიღბით (სხვათა შორის, ნიღბის ეპიზოდი რაღაცით გვახსენებს თეატრალურ სცენას ბერგმანის ფილმიდან – „რიტუალი“). ძალიან შთამბეჭდავია დარეჯან ხარშილაძის მსხვილი ხედები, მისი უსიტყვო თუ მცირესიტყვიანი დრამატიზმი. 

შეგვიძლია, მსახიობ ნანა ბუთხუზის კარგად ნაკეთი, ასატანი თეატრალურ-ეგზისტენციალური სიმძიმეც გავიხსენოთ ან ეკა დემეტრაძის ეროტიკული სილაღე და სიმსუბუქე (რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს ფილმში სანდრინ ბონერს). ასევე შთამბეჭდავია ანა ნიკოლაშვილი, საყოფაცხოვრებო ეპიზოდებში ჩაკარგული, მაგრამ გაუცხოებული ელეგანტურობით… ქალთა პორტრეტები კიდევ უფრო გამდიდრებულია ძალიან მომხიბლავი ახალგაზრდა მსახიობებით – ანა-მაია გურგენიშვილი, ანი იმნაძე და ანა  ჯავახიშვილი ახალი თაობის შეხედულებებს გვიზიარებენ.

…და ამ ყველაფრის ფონზე უხუცესი მსახიობის, ლამზირა ჩხეიძის  ნებისმიერი ჟესტი – აბაზანაში სცენა, პასიანსის გაშლა თუ დაბნეული გამოხედვა – ცალკე დოკუმენტური ჩანართივითაა… კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ინგმარ ბერგმანი, კონკრეტულად კი ფილმი „რეპეტიციის შემდეგ“, რომელიც მსახიობთა მსხვილი ხედებით (ინგრიდ ტულინი და ლენა ოლინი), დოკუმენტურ-მხატვრული მანერით ერთგვარი ინსპირაციაა ნინო ბასილიას ფილმისათვის. არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ნინოს ფილმს, გარკვეულწილად, ბერგმანისეული სათაური აქვს – „პერსონა N2“, თუ გავიხსენებთ, რომ 1966 წელს გადაღებულ ბერგმანის შედევრს სწორედ „პერსონა“ ჰქვია (ბიბი ანდერსონისა და ლივ ულმანის მონაწილეობით).

შესაძლოა, რეჟისორისთვის ზედმეტად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა  მხატვრული და დოკუმენტური სტილის ერთიანობის შენარჩუნება და სიკვდილ-სიცოცხლის ეგზისტენციალურ საკითხებთან შეჭიდება (განსაკუთრებით მომხიბვლელი მსახიობი ქალების ფონზე, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ინდივიდუალური ხედვა და რისკი უფრო მეტს ნიშნავს და მეტად ფასობს, ვიდრე გაწონასწორებული მიზანშეწონილობა. ნინო ბასილიას ფილმში სამყაროს ხედვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსალოდნელი შეცდომის შიში…

მაყურებელი დაახლოებით ორი საათი ხედავს და აკვირდება ფილმში მონაწილე ქალებს. გრძნობს მათ შიშს, მღელვარებას და განცდებს. შესაბამისად, რეჟისორის მასშტაბსა და ხედვასაც ვგრძნობთ, რომელიც ქალებს ეგზისტენციალური მღელვარების ზღვარზე გვაცნობს.