ქალების წინააღმდეგ ომი ყურადღების მიღმა რჩება ყველას... გადადგით კონკრეტული ნაბიჯები - სამნიძე

პუბლიკა

„ის ომი, რომელიც ქვეყანაშია მართლაც, ყურადღების მიღმა რჩება ყველას  – ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ”, – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ბოლო დღეების განმავლობაში ქალების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და ხელისუფლებას ადეკვატური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, „ორი ქალი შეეწირა იმ ომს, რომელსაც „ქართული ოცნება” არავითარ ყურადღებას არ აქცევს”.

„ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა, არც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა.

ბოლო სტატისტიკით, შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა. ისევე როგორც სასამართლო აუქმებს შემაკავებენ ორდერებს, ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ ნახა უმძიმესი ტრაგედია.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა, და ეს ომი არ სრულდება, და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ,„ქართულმა ოცნებამ” სპეციალური ზომები მიიღონ, განცხადება მაინც გააკეთონ ამის შემდეგ, მთელი ხელისუფლებამ გადართულია პროპაგანდაზე, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში ოპოზიციის ბრალია.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო „ოცნებას” – ეს ომი არის მუდმივი, ქალები ამ ქვეყანაში კვდებიან, ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია. და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში სპეციალური ზომები – ცნობიერების ამაღლება, პროგრამები, ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამოქმედო გეგმა, და ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები”, – განაცხადა სამნიძემ.