„ქართულ-ჯიგრული პონტი“ ვთქვი კონკრეტულ შემთხვევაზე, თუმცა ესეც შეცდომა იყო - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას „TV პირველის“ ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა კორუფციის შესახებ, რაზეც გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაიწყო საუბარი.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გახარიას გაახსენა პარლამენტში მისი გამოსვლა, როდესაც მაშინდელმა პრემიერმა განაცხადა: „რა კორუფცია, ხალხო? შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე… მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ“. 

გახარიას თქმით, პარლამენტში გამოსვლისას მან „ქართულ-ჯიგრული პონტი“ ახსენა კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით, როდესაც საუბარი იყო საშვების დაშვებაზე. რაც შემდეგ ოპოზიციამ და მედიამ გამოიყენა.

„ქართულ-ჯიგრული პონტი მე ვთქვი კონკრეტულ შემთხვევაში, ერთჯერადი საშვის გაცემასთან დაკავშირებით, ეს იყო კონკრეტული შემთხვევა, შეცდომა იყო ესეც ჩემი მხრიდან, რომელიც ოპოზიციამ და მედიამ ძალიან კარგად გამოიყენა. ეს შეცდომა მქონდა, გამექცა. ზოგიერთებს კიდევ ლოგიკა გაექცათ და სახელმწიფო გადატრიალება დაანონსეს და ამაზე გამოძიება არ უნდათ. მე ერთხელ გამექცა საშვზე, გაგანია პანდემია იყო და ღამე საშვების თემა იყო“, – განაცხადა გახარიამ „TV პირველის“ ეთერში.