„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - თალაკვაძე

პუბლიკა

„დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისატიან დანიელსონმა წარადგინა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარში. თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი. რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ საერთაშორისო საზოგადოება არ იზიარებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ოცნება“  არათუ დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს აწერს ხელს, მეტიც, გამოხატავს მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.

„ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას. ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს. ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.