„ქუჩის რეჟიმში ვერ ვისაუბრებთ სეისმიკაზე, გეოლოგიაზე..." - თურნავა ნამახვანჰესის პროტესტის მოთხოვნებზე

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან თბილისში მიმდინარე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის შესახებ განაცხადა, რომ მათი შეთავაზება არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი.

„რაც შეეხება მათ მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტი, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე დღეს აქ არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა.

მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა და ნამახვანჰესი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო,  კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი. ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც არის, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია, მაგრამ ისევ ვამბობ, კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში, ექსპეტრების ჩართულობით, მეცნიერების ჩართულობით. შეუძლებელია ქუჩის რეჟიმში ვისაუბროთ სეისმიკაზე, გეოლოლოგიაზე, ჰიდრონაგეობების მდგარდობაზე“, – ამბობს ნათია თურნავა.

გუშინ თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენლებმა აქციაზე მოთხოვნები წამოაყენეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისგან პასუხს დღეს 12 საათამდე დაელოდებიან.

აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხვალიდან დედაქალაქის პარალიზება დაიწყება და „ვერავინ ვერსად გადაადგილებას ვეღარ შეძლებს“.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

      1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
      2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
      3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
      4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
      5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დადგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

აპრილში რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის პროცესი ვერ შედგა. დიალოგის დაწყებისთვის აქტივისტებმა 3 პირობა დაასახელეს: შემწყდარიყო ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, პოლიციას აეღო სოფელ გუმათთან განთავსებული ბარიკადები და მათ მისცემოდათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილებისა და პროტესტის შესაძლებლობა.

ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო:

► კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება;

► კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს;

► კომპანია გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს;

► „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას.

► პროცესში ჩაერთვებოდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

აღნიშნული წინადადება რიონის ხეობის მცველებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ ამ პროცესში გადაწყდებოდა ჰესის აშენება/არ აშენების საკითხი. მათივე თქმით, მთავრობის პასუხში ამგვარი დაშვება გათვალისწინებული არ იყო. ამასთან, მათ ამ დრომდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ პროტესტის თავდაპირველ ადგილს – სოფელ ნამოხვანს. ასევე ჰესზე კვლავ მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.


ნამახვანჰესის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე იგეგმება, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 433 მგვტ.-ს შეადგენს. კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას და 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას ითვალისწინებს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.

სახელმწიფო უწყებების განცხადებით კი მათი მხრიდან შესაბამისი ნებართვის გაცემას წინ უძღოდა სხვადასხვა მიმართულებით დეტალური კვლევები. მათივე თქმით, ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.