ქვეყნის კეთილდღობა არ უნდა იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი - კობახიძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ. ისინი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას ესწრებიან.

პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღევანდელი დღე პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა.

„დღეს საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა, სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა, იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით დადებულ პოლიტიკურ შეთანხმებას.

მე შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა გახლდათ არა პარლამენტში შემოსვა-არშემოვლა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია, არამედ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება, ნაკლები დესტრუქციისა და მეტი კონსტრუქციის უზრუნველყოფა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება, ამის ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად, მოლაპარაკებაში ჩართულმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ – „„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. მეტიც ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტის წინააღმდეგ, აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ.

ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ ივლება ზღვარი პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. ყველას მინდა შეგახსენოთ, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი, ამით უნდა იყოს დაკავებული ყველა პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოსვლის ბოლოს მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს გაწეული საქმიანობისთვის.


საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში 2 ბლოკიდან და 7 პარტიიდან 150 დეპუტატია არჩეული, მათგან 60 არის ოპოზიციონერი, თუმცა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „მოქალაქეების“ ჯამში 6 დეპუტატი მუშაობდა. დანარჩენი ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა და საკანონმდებლო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებდა.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში ევროკავშირის წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩაერთნენ, შემუშავდა დოკუმენტი, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა, ამ ეტაპზე, 17-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა. ხელმომწერებს შორის არ არიან „ევროპული საქართველოს“ სიიდან გასული ტარიელ ნაკაიძე და ელენე ხოშტარია, რომელმაც პარტიიდან წასვლის შემდეგ უარი თქვა მანდატზე; შალვა ნათელაშვილი; თაკო ჩარკვიანი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი იყო და „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ბლოკიდან დეპუტატთა უმრავლესობა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დაიწყებს საქმიანობას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ შეიწყალებს გიორგი რურუას. გარდა ამისა, პარლამენტში დაინიცირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, ნიკა მელიას ამნისტიას გაითვალისწინებს.

ამნისტიის აქტს კითხვის ნიშნები მოჰყვა. თავად ნიკა მელია და 20 ივნისს დაზარალებულები აპროტესტებენ მას და აცხადებენ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ბრალდებისგან გათავისუფლება.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის აქტს აპროტესტებენ, დეპუტატებს პარლამენტთან შეძახილებითა და საპროტესტო ბანერებით დახვდნენ. ისინი მოუწოდებენ ოპოზიციონერებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს.