ქვეყნის მიერ დეკლარირებულმა საბაზრო ეკონომიკამ გარკვეულ ეტაპზე კორექცია უნდა განიცადოს | ინჯია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარურ სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე, პროდუქტების გაძვირებასა და ეკონომიკაში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.

„მინდა, შევეხო მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში არცერთი პროდუქტი არ დარჩა, რომელიც არ გაძვირებულა. გაძვირება 30% დან 69%-მდეა. უახლოეს მომავალში მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ რაღაც ქმედით ღონისძიებებს არ მიიღებს ჩვენი მთავრობა. ჩვენ აღებული გვაქვს კურსი საბაზრო ეკონომიკის, რომელ საბაზრო ეკონომიკაზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, როცა ყველა საზღვარი დაკეტილია, სადაც მოსახლეობას პოტენციურად შეუძლია პროდუქტის გატანა. ამიტომ ეს საბაზრო ეკონომიკამ, რომელიც დეკლარირებული გვაქვს, გარკვეულ ეტაპზე, გარვკეული დოზით კორექცია უნდა განიცადოს.

ევროპის ქვეყნებში მიღებულია გეგმური ეკონომიკა, ან სახელმწიფო კაპიტალიზმი. რაღაც ნაწილში თუ მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა გლეხების სამეურნეო საქმიანობაში და მოსავლის მოყვანაში, ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ შექმნას საგანგებო შტაბი, რომლის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება.

„ასეთ მდგომარეობაში უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი და ის საგანგებო შტაბი, რომელიც კოვიდზე არსებობს, გადავაბაროთ შინაგან საქმეთა მინისტრს. მე იმას დავნიშნავდი საგანგებო შტაბის უფროსად. ერთი ის, რომ წესრიგი არაა ქვეყანაში. მანქანით რომ გაიარო 30% ნიღბის გარეშე დადის. კარგი იქნებოდა ამ შტაბს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ჩადგომოდა შს მინისტრი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.