რა საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს „ოცნება"

პუბლიკა

„ქართული ოცნება” რეპრესიული კანონების ახალ ტალღას აანონსებს. ამჯერად საქმე მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.

მამუკა მდინარაძის თქმით, მედიისთვის შემუშავდება ახალი კანონმდებლობა, რომლითაც „დაინიციირდება მედიის კანონი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები”. – თქვა მდინარაძემ,

მან ასევე დაანონსა მედიისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვა.

„შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს”. – თქვა მდინარაძემ.

უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღებას „ოცნება” საჯარო სამსახურშიც შეზღუდავს.

„ოცნებამ” ასევე დააანონსა „ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგის მიღება”.

რუსულ კანონს მდინარაძემFARA-ს” მსუბუქი ვერსია უწოდა.

„მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მდიდარ და გარედაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას”. – ამბობს მდინარაძე.

მან ასევე დააანონსა „აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას”.

გარდა ამისა, მდინარაძემ დააანონსა საკანონმდებლო ცვლილებების სხვა სფეროებში.

ნარკოპოლიტიკა:

„მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას და კანონმდებლობას. სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლებთან იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად, უბიძგებს, უარი თქვა მოხმარებაზე. ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება არ იქნება”.

მდინარაძემ ასევე თქვა, რომ გაამკაცრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ასევე, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობას.

მისივე თქმით, გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების დისკრეციულ უფლებამოსილებად.