რა საკითხები დააყენეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე | სოსო ფხაკაძე

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, რა საკითხები განიხილეს საქართველოს მთავრობასთან.

„ჩვენ დავაყენეთ ორი კონკრეტული საკითხი. პირველი – დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და თუ რამე მოთხოვნაა, ყველა ეს მოთხოვნა დავიცვათ პირნათლად, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობა არის უპირველესი პრიორიტეტი თითოეული ჩვენგანისთვის.

მეორე – შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. მეორე თემატიკასთან დაკავშირებით ჩვენ პრემიერთან დავაყენეთ ორი კონკრეტული საკითხი.

ამა წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ორ სექტორს შეეხო. ერთი იყო კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რაც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით არის დადგენილი. კონკრეტულად, ეს ეხებოდა სასტუმროებს, სხვადასხვა განთავსების საშუალებას, რესტორნებს, კაფეებს, ტურისტულ კომპანიებსა და ტუროპერატორებს.

ძალიან კარგად იცით, რომ ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს. ამ ინდუსტრიას პირველი დეკემბრისთვის უწევს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რომელიც გადავადდა 4 თვის ვადით (აპრილ-ივლისში). რეალურად, ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს (აგვისტოს თუ არ ჩავთვლით) და მომავალ რამდენიმე თვესაც არ არის კარგი პროგნოზი.  ამიტომ ვითხოვთ, დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს.

22 მაისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება და საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი, ნებისმიერი კომპანია იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი იყო 1 500 ლარამდე. ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ადამიანებზე, რომლებსაც დაბალი ხელფასი აქვთ და მთელ რიგ ინდუსტრიებში ასეთი ადამიანები არიან ათიათასობით. შეღავათის ეს ვადა იწურება პირველი ნოემბრისთვის და ჩვენი თხოვნაა, მინიმუმ, კიდევ 6 თვის ვადა, ისე, რომ ერთი ფისკალური წელი მოიცვას.

ამავდროულად, ბატონ პრემიერს ვუთხარით, რომ ბიზნესი ვართ მზად, ამ დახმარების მიღების შემთხვევაში ყველას ვუთხრათ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილს, რამეთუ უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები კიდევ უფრო მეტი ტვირთი იქნება. ასევე არ გვინდა, ის ტალანტი და პროფესიული კადრები დავკარგოთ, ვისაც წლები ვზრდიდით“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა იწყება და  ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში ელოდება.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია ბიზნესსექტორს დაჰპირდა, რომ ქვეყანაში არ იქნება ისეთი სისტემური ჩაკეტვა, რომელიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს.