რა შემთხვევაშია შესაძლებელი კერძო სექტორის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა - განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, სამომავლოდ, მას შემდეგ, რაც გაიზრდება ვაქცინის წარმოება და მიწოდება, შესაძლებელია, კერძო სექტორსაც გარკვეული როლი ჰქონდეს ვაქცინაციის პროცესში.

შეკითხვაზე,  ჩაერთვება თუ არა კერძო სექტორი ვაქცინაციის პროცესში, გაბუნიამ განაცხადა, რომ დღესდღეობით ვაქცინის გაყიდვა გლობალურ ბაზარზე მკაცრად რეგულირდება. მანვე განმარტა მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფოს ვაქცინის მიღება შეუძლია:

„ვაქცინის გაყიდვა დღეს გლობალურ ბაზარზე ძალიან მკაცრად არის რეგულირებული სხვადასხვა მექანიზმით. ერთი მექანიზმი არის „კოვაქსი, რომელიც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, ზოგადად, ეს არის სახელმწიფო დონის შეთანხმება. ასევე არის ისევ სახელმწიფოს დონეზე ბილატერალური ხელშკრულებები ქვეყნებს და მწარმოებლებს შორის, ასეთი ბილატერალური ხელშეკრულებები ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, ასევე სხვა ქვეყნებსაც.  ჩვენთვის კიდევ ვაქცინის მიღების მესამე მექანიზმი ეს არის სამმხრივი მოლაპარაკება, მწარმოებელს, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი წილი ვაქცინა გაუზიარონ სახელმწიფოს.

ამ მექანიზმებში კომერციული სექტორის, ანუ კერძო სექტორის წილი, პრაქტიკულად, არ იკვეთება და აქამდე რაც მოხდა, ყველაფერი ეს არის სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკების დონეზე. სამომავლოდ, როდესაც მიწოდება და წარმოება მეტი იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ კერძო სექტორსაც გარკვეული როლი მიენიჭოს და ვისაუბროთ მეტად კომერციულ სეგმენტზე ამ ბაზარზე“, განაცხადა გაბუნიამ.