რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან

პუბლიკა

რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ, გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვიტა მიეღო ის რეგულაციები, რომლებიც იმოქმედებს დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები და საბაგირო გზები მგზავრებს ვერ მოემსახურება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

დღეიდანვე სრულად შეიზღუდა ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. ამ შეზღუდვის გამო არ ჩატარდება ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი Rokva 2021, რომელიც სწორედ დღეს და ხვალ იყო დაგეგმილი.

ასევე, დღეიდან შეიზღუდა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. ხოლო კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 23:00-მდე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებს მიეცათ დავალება, გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე, ამავე რეკომენდაციით მიმართავენ კერძო სექტორს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, გართულებული კოვიდსიტუაციის ფონზე, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ყველა სამკითხველო დარბაზი წყვეტს მუშაობას. თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი კი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.

ასევე, საქართველოს საპატრიარქო ყველა ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს დღეიდან სამი კვირის განმავლობაში დაიცვან ტაძრებში დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს დეზინფექცია, მრევლმა იქონიოს პირბადე და „სიტკბოების მისაღებად გამოიყენონ ერთჯერადი ჭიქები“.