რა თქვა კომიტეტების სხდომაზე ზალკალიანმა საზღვრების დელიმიტაციაზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე. მისი შეფასებით, მძიმე მემკვიდრეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებებისგან მიიღო.

მისივე თქმით, 2018 წლიდან, რაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი იყო.

„თვისობრივად განახლდა კომისიის შემადგენლობა; ახალი კომისია გვყავს, ახალი თავმჯდომარე და პირველი რაც გავაკეთეთ, ანალიზი, სად ვიყავით, რა იყო ჩვენი სუსტი წერტილი და სად უნდა მიგვემართა ძირითადი ძალისხმევა იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები ყოფილიყო განმტკიცებული.

ამ თვალსაზრისით, ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა – საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან, საპატრიარქოსთან, ყველა იმ ადამიანთან, ვინც გულწრფელად განიცდიდა ამ საკითხს და სტკიოდა ეს პრობლემა ისე, როგორც ჩვენ.

ბევრი ნიუანსი აღმოჩნდა. იცით თქვენ, ამ დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში საფუძვლად აღებულია 1996 წელს ხელმოწერილი პროტოკოლი, რომელსაც საფუძვლად დაედო 1938 წლის საზღვარი – ის პერიოდი, როდესაც ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და სამივე რესპუბლიკა აღიარებდა საზღვრებს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოხაზული იყო 1938 წელს;

96 წლის პროტოკოლში არის შეთანხმება, რომ გავყოლოდით 38 წლის საზღვრებს, საფუძვლად იყო აღებული 1:500 000 მასშტაბის რუკა და უნდა გამოგვეყენებინა დამატებითი, დამხმარე რუკები.

მოგეხსენებათ, 1:500 000 მასშტაბის რუკები არ იძლევა იმის შესაძლებლობას, ზუსტად განსაზღვრულიყო გეოგრაფიული მდებარეობა და მას სჭირდებოდა კიდევ უფრო გაშლილი მასშტაბის 1:200 000-იანი და როდესაც შევისწავლეთ, პროცესში აღმოჩნდა, რომ არ იყო ჯეროვნად გამოყენებული, ხშირ შემთხვევაში ან საერთოდ არ იყო გამოყენებული ის რუკა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ჩვენს პოზიციებს;

პირველი, რაც კომისიის თავმჯდომარეს ვთხოვეთ, ის იყო, რომ აქტიურად დაგვეწყო მოძიება 1:200 000-იანი რუკის, რაც ჩვენს პოზიციას გაამყარებდა.

რუკების მოძიება მიმდინარეობდა სხვადასხვა წყაროში, ჩვენს პარტნიორებთან. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ბატონი ღარიბაშვილი. მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროს აქვს კარგი ბაზა და სამსახური და ვფიქრობ, ერთობლივი საქმიანობით, მოვიპოვეთ რუკები, რომელიც სექტემბერში გადავეცი ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას.

ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დამხმარე რუკები, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს და მოგვცემს საშუალებას, გადავხედოთ იმ შეთანხმებებს, რომლებიც 2006-7 წლებში დაიდო და ვფიქრობ, საზიანო იყო საქართველოსთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, რუკები იყო მოპოვებული სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-იდან – 30-40-50-იან წლებში გამოშვებული.

ზალკალიანის განმარტებით, როდესაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, მისი შეფასებით, დელიკატურ თემაზე, ბუნებრივია, თუ პირველად ამის შესახებ კოლეგას აცნობებ. მისი თქმით, გამოიყენა შესაძლებლობა, როცა ახალდანიშნული აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისში იყო და მას გადასცა ზემოხსენებული რუკები. „გვქონდა ძალიან მეგობრული და კარგი საუბარი“, – ამბობს ზალკალიანი.

„ჩვენი საკითხია, ამ კომისიის შიგნით რა პრობლემები არსებობდა, მაგრამ  სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ახალაღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ახალი მასალები ჩემს კოლეგას მივეცი, ის საკმაოდ გაგებით მოეკიდა ამას და დამპირდა, როგორც შეხვედრაზე, ისე საჯაროდ, რომ კომისიის ფარგლებში დაიწყოს ამაზე მსჯელობა, რაც მისასალმებელია. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებით უნდა გავიდეთ შედეგზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, პანდემია არ იძლევა შეხვედრების საშუალებას, მომავალ წელს კი კომისიის მუშაობა განახლდება.

სხდომის მიმდინარეობისას ზალკალიანი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს და დეპუტატის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საზღვრის დემარკაციის მოუგვარებელი საკითხი სერიოზულ პრობლემას ქმნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

„ეს ესმის ოკუპანტსაც და მას აქვს სხვადასხვა ბერკეტი საიმისოდ, რომ წინ არ წავიდეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ არ მივცეთ მათ საშუალება, რამე ხელისშემშლელი იყოს ამ პროცესში. ძალიან გამიჭირდება გითხრათ, როდის დასრულდება. 26 წელია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა. 66% სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც შეთანხმებულია. დანარჩენი, მათ შორის, დავით გარეჯი, ურთულესი, სენსიტიური და მწვავეა. ახალი კომისიის ფარგლებში, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესი წინ წავიდეს.

კიდევ არის სხვა გამოსავალი, რომ წახვიდე და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წიღო ეს თემა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მოხდეს და არ გახდეს საარბიტრაჟო სასამართლოში დავის საგანი“, – განაცხადა ზალკალაიანმა.


საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სხდომებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებიან და კენჭისყრებშიც ისინი მონაწილეობენ. ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 60 დეპუტატი მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.