რა უნდა გაკეთდეს საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად - TI-ის რეკომენდაციები

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასების დოკუმენტი მოამზადა. კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე  პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები.

როგორც ორგანიზაცია წერს, საპარლამენტო კონტროლი სუსტია და კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პარლამენტისა და მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულება საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ასევე, პრობლემად რჩება ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის  მყარი საკანონმდებლო გარანტიების არ არსებობა.

ანგარიშის ერთი თავი ეთმობა პანდემიის პერიოდს. TI აღნიშნავს, რომ პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის  უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას.

მათივე თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგ., ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე იყო უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. არაერთხელ, საჯაროდ, გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების,  მათ შორის დეპუტატების, ინტერესთა კონფლიქტის და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციაც. ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა,  არცერთ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები. სუსტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი.

TI-იმ კვლევის საფუძველზე კანონმდებლობის დახვეწის და ასევე, პრაქტიკაში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით რეკომენდაციები შეიმუშავა:

► ქვეყნისათვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა სრულყოფილად უნდა განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა. განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც უშუალოდ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას;

► საქართველოს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები პროპორციულად უნდა ნაწილდებოდეს წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის.  ოპოზიციის წარმომადგენელი, მათ შორის, უნდა ხელმძღვანელობდეს  შემდეგ კომიტეტებს: ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.

► პარლამენტის მიერ გარკვეული თანამდებობის პირების არჩევა ოპოზიციური პარტიებთან კონსენსუსის გარეშე შეუძლებელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ მანდატს ფლობს უმრავლესობა. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის ასარჩევად აუცილებელი უნდა იყოს ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობა.  უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის მხარდაჭერის საფუძველზე უნდა ინიშნებოდნენ.

► საპარლამენტო კონტროლის პროცესში უნდა გაიზარდოს ოპოზიციის როლი:

► ოპოზიციის წევრები უნდა იყვნენ პრივილეგირებულნი მთავრობისთვის შეკითხვების დასმის დროს (კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება გახსნან დებატები. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, ინტერპელაციისას ოპოზიციის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას უმრავლესობის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო მეტი კითხვა დაუსვან);

► ოპოზიციის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება მოითხოვონ დებატების ჩატარება, მათ შორის, გადაუდებელი აუცილებლობის ან მიმდინარე საკითხებზე დებატების ჩათვლით;

► ოპოზიციის წევრებს (ოპოზიციურ ფრაქციებს) უნდა ჰქონდეთ უფლება კომიტეტის სხდომაზე მოიწვიონ გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

► სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი უნდა გაძლიერდეს;

► სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელ პარლამენტის კომიტეტთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე. საბჭოს წევრებს უნდა ირჩევდეს პარლამენტი. საზედამხედველო საბჭოს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლობის გარანტიები.

► პარლამენტის სპეციალიზირებული კომიტეტის და საზედამხედველო საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ  დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

► ანგარიშვალდებულმა ორგანოებმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტს ხელი უნდა შეუწყონ  კონტროლის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებაში, პასუხისმგებლობით მოეკიდონ შესაბამის პროცედურებს, იმის მიუხედავად  კონტროლის ინიციატორი მმართველი პარტიაა თუ ოპოზიცია;

► მნიშვნელოვანია, პარლამენტმა განახორციელოს მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებების მიერ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე და საკითხი დეტალურად განიხილებოდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. აუდიტის დასკვნების და რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გასაზრდელად მიზანშეწონილია, იურიდიულ კომიტეტთან ერთად შეიქმნას ფორმატი, რომელიც დააკვირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე რეაგირებას;

► საპარლამენტო კონტროლის ისეთი მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, საჭიროა:

    • ინტერპელაციის პროცედურის სულ მცირე თვეში ერთხელ ჩატარება;
    • გადაუდებელი/დაჩქარებული ინტერპელაციის მექანიზმის შემოღება;
    •  საჭიროების შემთხვევაში, ინტერპელაციის რამდენიმე დღეზე განაწილება.

► საჭიროა სახალხო დამცველის ანგარიშში გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის მეთოდოლოგიის გადახედვა და წარდგენილი წინადადებების განხილვის ეფექტური ფორმატის შემუშავება. კერძოდ:

      • სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად მისაღები პარლამენტის დადგენილების პროექტი, გაზიარებული იქნას სახალხო დამცველის აპარატისთვის;
      • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის აპარატს პროაქტიულად მიაწოდოს დადგენილების შესრულების თაობაზე უწყებების მიერ კომიტეტში წარდგენილი ინფორმაცია.

► გაიზარდოს საპარლამენტო კონტროლის პროცესის გამჭვირვალობა:

        • საპარლამენტო კონტროლის განხორციელების და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე, ცენტრალიზებული სახით და პროაქტიულად იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის, თანამდებობის პირთა კომიტეტზე მიწვევის შესახებ.