რაღაც კონკრეტული ტერიტორიაა, სადაც სულ რამდენიმე ხეა - კობახიძე პრემიერის ცოლისთვის ტყის გადაცემაზე

პუბლიკა

„რასაც ეძახიან ტყის მასივს, ეს არის რაღაც კონკრეტული ტერიტორია, ნახევარ ჰექტრამდე, სადაც არის სულ რამდენიმე ხე“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის ნუნუ თამაზაშვილისთვის  დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ტყის ნაკვეთის ფართობის გადაცემის საკითხს.

კობახიძემ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს „თითიდან გამოწოვილი თემაა“.

„აქედან ჩანს ის, რომ რეალურად სალაპარაკო არაფერი დარჩა ოპოზიციურ მედიას და ასეთ რაღაცა თითიდან გამოწოვილ თემებზე საუბრობენ“, – თქვა კობახიძემ.


საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5 958 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში 49 წლით გადაეცა.

სარგებლობაში გადაცემული 5 958 კვ.მ ტერიტორია ნუნუ თამაზაშვილის საკუთრებაში არსებული 1 530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.