რახან ოპოზიციაში ვარ, ამიტომ ტყუილ შარს ხომ არ მოვდებთ ვინმეს, არა? - ელისაშვილი კუჭავას მხარდაჭერაზე

პუბლიკა

კახა კუჭავა დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. კენჭისყრის დაწყებამდე „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არ იცნობს კახა კუჭავას და თავს შეიკავებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისგან. კუჭავას მხარდაჭერა გამოუცხადეს „ქართულმა ოცნებამ“, „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“.

„მოქალაქეების“ ლიდერმ, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან განმარტა, რატომ დაუჭირა მხარი კუჭავას კანდიდატურას.

„ჩვენ დავუჭირეთ მხარი კუჭავას თანამდებობას და რატომ – ჩვენ პარტიას, სადაც არ მოგვწონდა და არ მოგვწონს ქართულ პოლიტიკაში, არის რაღაცა ყალბი წესები და ფარისევლობა, რომელიც დამკვიდრებულია – რომ რახან ოპოზიციაში ხარ, არაფერი არ უნდა მოგწონდეს და თუ შინაგანად ეთანხმები, მაშინაც შარს უნდა ეძებდე.

პირადად ვიცნობთ კახა კუჭავას მეც და ლევან იოსელიანიც და ვიცნობთ მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას და განსხვავებით  99%-ისგან, თუნდაც „ქართული ოცნების” ლიდერების და ზოგადად ქართველი პოლიტიკოსებისგან, ის არის ძალიან კორექტული ადამიანი. ვიხსენებდით და ვერ გავიხსენეთ და, ალბათ, ვერც ვერავინ გაიხსენებს, თუნდაც ოპოზიციისადმი მის აგდებულ კომენტარებსა და განცხადებებს.

შესაბამისად, როდესაც ჩვენ გავიგეთ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ, ვიმსჯელეთ და ვთქვით, რახან არაფერი ამ კაცის საწინააღმდეგო არა გვაქვს და რახან ოპოზიციაში ვართ, ამიტომ ტყუილ შარს ხომ არ მოვდებთ ვინმეს, არა? ჩვენ გვინდა ეს წესი დავამკვიდროთ პოლიტიკაში, რისიც გვჯერა, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ ხოლმე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.