რამდენიმედღიანი კლების შემდეგ იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა რამდენიმედღიანი კლების შემდეგ კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 534 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 2 729 ახალი შემთხვევა.

პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 24 648-ს შეადგენს, რაც ევროპის ქვეყნებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვირუსის შედეგად ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით კი (183 957) იტალია მსოფლიოში ესპანეთისა და აშშ-ის შემდგომ მესამე ადგილზეა.

ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევების კლება პირველად ორშაბათს დაფიქსირდა. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კლების ტენდენცია სიტუაციის გრძელვადიანად უკეთესობისკენ შემობრუნების ნიშანი იყო.

დღეს, 21 აპრილს იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ხელისუფლება საკარანტინო შეზღუდვებიდან ეტაპობრივად გამოსვლის გეგმას კვირის ბოლოს გაასაჯაროვებს.