რამდენჯერაც მოხვედით პარალმენტში, ლარი მყარდება. რა ჯადო გაქვთ ასეთი? - გოცირიძე მინისტრს

პუბლიკა

„დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს? რა თქმა უნდა, ლარის გამყარება და გახარებული ველოდი თქვენ მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი რა რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარალმენტში, რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურა ბაზარს?“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს.

რომან გოცირიძემ მიმართა ეროვნულ ბანკს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს სავალუტო ბირჟის მიღმა განხორციელებული ინტერვენციების რაოდენობა.

„არ ვიცი ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურებაა თუ სხვა რამის, თუმცა ახლა ეროვნულ ბანკს ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინტერვეციების ის რაოდენობა, რომელსაც იგი აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული. თვე-ნახევრის შემდეგ ვიღებთ დაჯამებულ რაოდენობას , ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვეციები, რომელიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შქმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შეიძლება ბევრ ეჭვს აღძრავდეს“, – განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რა არის იმის მიზეზი, რომ 14 საფეხურით დაეცა საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში.

გოცირიძის შეფასებით, ინდექსი უსამართლო სასამართლოს და ფინანსური არასტაბილურობის მიზეზით დაეცა.

„12 წლით უკან დავიხიეთ, ეს ცუდი სიგნალია უცხელი ინვესტორებისთვის და თუ მიზეზებს გავაანალიზებთ, პირდაპირ ვეუბნებით ინვესტორებს, არ გაბედოთ საქართველოში შემოსვლა, ცხვირი არ შემოყოთ იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო. სადაც არსებობს ისეთი ფინანსთა სამინისტრო და, ალბათ, პერსონალურად თუ ვიტყვით, მინისტრი, რომელიც ვერ უმკლავდება ფისკალურ პრობლემებს“, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე დაინტერესდა, როდის აპირებს სამინისტრო ფინანსების იმ დონეზე მოწესრიგებას, რომ ის არ იყოს ფასების ზრდის და ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი და როდის აპირებს 14 პოზიციის უკან შემობრუნებას და შეშინებული ინვესტორების დაბრუნებას.

„ეს რიტორიკული კითხვაა, ამ პოლიტიკით ვერც ერთ ინვესტორს უკან ვერ დააბრუნებთ, სამწუხაროდ“, – განცხადა გოცირიძემ.