რატომ არის ფაქტებით მანიპულაცია თურნავას კომენტარი - „მწვანე ალტერნატივას" პასუხი მინისტრს

პუბლიკა

რატომ არის ფაქტებით მანიპულაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კომენტარი, – „მწვანე ალტერნატივა” მინისტრს განცხადებით პასუხობს.

ნათია თურნავამ, 4 აპრილს განაცხადა, რომ: „ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და  ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი.  კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს“.

„მწვანე ალტერნატივის” შეფასებით, თურნავას განცხადება ფაქტებით მანიპულაციაზე და ცრუ ინფორმაციაზეა აგებული.

„თურნავა და მთავრობის სხვა წევრები ხშირად იმეორებენ, რომ კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში და „ენკა” მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს. პირველ რიგში, კომპანიას ნებართვა მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებზე აქვს. მეორე – მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე, რასაც ერთ წლამდე დასჭირდება, კაშხლის მშენებლობის დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია.

ნამახვანჰესის პროექტთან მიმართებაში თურნავა საუბრობს კაშხლის უსაფრთხოების საკითხზე, თითქოს მხოლოდ ის იწვევს შეკითხვებს და მხოლოდ ეს მიზეზი არ განაპირობებს პროექტის მიმართ საზოგადოების პროტესტს; ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომლის გამოც ნამახვანჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოშია შეტანილი. სეისმური კვლევების უხარისხობა კარგი, მაგრამ მხოლოდ ერთი ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად არასრულყოფილ კვლევებზე დაყრდნობით არის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (ნებართვა). თუმცა, როგორც არ უნდა დასრულდეს კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი კვლევა, ისე ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემას, რომ:

პროექტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, კანონის უხეში დარღვევით მოხდა. სკოპინგისა და გზშ ანგარიშების საჯარო განხილვები გაიმართა არა იმ სოფლებში, სადაც ჰესი შენდება (ამას მოითხოვს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“), არამედ წყალტუბოში, საპროექტო ტერიტორიიდან დაახლოებით 50 კმ დაშორებით. ამასთანავე, ის ადამიანები, რომლებსაც კრიტიკული შეკითხები ჰქონდათ, ან არ შეუშვეს დარბაზში, ან კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. სამართლიანი სასამართლოს პირობებში მხოლოდ ეს დარღვევა არის საკმარისი იმისათვის, რომ ნებართვა ბათილად იქნას ცნობილი.

პროექტი დაუსაბუთებელია, არ არის გაკეთებული გარემოზე შეუქცევი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის შედარება – გარემოსდაცვითი, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით (ეს არა მხოლოდ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნაცაა). ტყეები, სხვა ბუნებრივი და აგრო-ეკოსისტემების სამუდამო დატბორვით მიღებული ზარალი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს პროექტის საინვესტიციო ღირებულებას.

პროექტი შეუქცევად ზემოქმედებას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთი ასეთი ჰესის დამატება, საბოლოოდ გაანადგურებს ზუთხების სახეობების სატოფე (სადაც ქვირითს დებენ) საქართველოში შემორჩენილ უკანასკნელ ადგილს. ეს ძლიერი დარტყმა იქნება ევროპის ბიომრავალფეროვნებაზე და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების დარღვევას გამოიწვევს. ჰესის მომხრეები ამბობენ, რომ დაგეგმილი ნამახვანჰესის ქვემოთ რიონზე რამდენიმე სხვა ჰესია და ამიტომ ნამახვანჰესს არ ექნება ზეგავლენა ზუთხების საბინადრო გარემოზე. ეს არის სრულიად მცდარი შეხედულება, ამაში დასარწმუნებლად წყალსაცავიანი ჰესის მუშაობის პრინციპისა და მის მიერ გარემოზე და ეკოსისტემურ სერვისებზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის გაცნობაც საკმარისია.

პროექტი გამოიწვევს დენის ტარიფის გაძვირებას – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფი ძვირია და აღემატება ელექტროენერგიის არსებულ საბაზრო ღირებულებას. ნამახვანჰესის ამუშავების შედეგად შემცირდება რიონზე არსებული სხვა ჰესებისა და ლაჯანურჰესის გამომუშავება, რომლებიც გაცილებით დაბალი ღირებულების დენით ამარაგებენ ჩვენს ელექტროსისტემას.

ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება სრულიად კაბალურია ჩვენი ქვეყნისათვის და არღვევს ენერგო-თანამეგობრობის წესებს.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (ანუ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა) ისე გაიცა, რომ არ იყო ჩატარებული კანონმდებლობით სავალდებულო არაერთი კვლევა, რასაც ადასტურებს ნებართვის გაცემის შესახებ გაცემული მინისტრის ბრძანება: ინვესტორს სამინისტრომ მოთხოვა, პოსტ-ფატუმ წარმოედგინა ის კვლევები, რომელთა შინაარსზე იყო დამოკიდებული ნებართვის გაცემა.

სამშენებლო სამუშაოები ისე დაიწყო კომპანიამ, რომ არ შეასრულა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვით დადგენილი, მშენებლობის დაწყებამდე შესასრულებელი პირობები. ამ დარღვევის გამო, სამინისტრომ კომპანიას სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა და სასამრთლოში უჩივლა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, კომპანია აგრძელებს კანონდარღვევით მუშაობას და მას ამაში სამართალდამცავი ორგანოები ეხმარებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile