რატომ გაიზარდა ნახტომისებურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა | ინფექციონისტის განმარტება

პუბლიკა

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან  800-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, გუშინ კი გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 270-ით გაიზარდა. ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების  3072 აქტიური შემთხვევა რჩება.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ასეთი მკვეთრი ზრდა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტების მართვის პროტოკოლში ცვლილებებს უკავშირდება. ამ ცვლილების მიხედვით, კოვიდდადებით პაციენტს თუ მე-10 დღეს სიმპტომები არ აღენიშნება, ის ავტომატურად გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა და Pcr ტესტის გარეშე შეუძლია სტაციონარის დატოვება.

„იზოლაციიდან და სტაცონარიდან გაწერის კრიტერიუმები შეიცვალა. მანამდე ვიცოდით, რომ ყველა შემთხვევაში 2 უარყოფითი Pcr უნდა ყოფილიყო 24 საათში და ასეთ შემთხვევაში მიიჩნეოდა ადამიანი გამოჯანმრთელებულად. ახლა ეს იხსნება და უბრალოდ სიმპტომების დაწყებიდან მეათე დღეს, ანუ, თუ სიმპტომები არ აქვს პირველი დადებითი Pcr-დან მეათე დღეს ადამიანი ავტომატურად მიიჩნევა გამოჯანმრთელებულად და აღარ უკეთდება ტესტი. ეს ცოტა უკმაყოფილებას იწვევს ადამიანებში, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არ არის ეს პრობლემა. ფაქტობრივად,  ყველა კვლევამ აჩვენა უკვე რომ მეათე დღეს ადამიანი გადამდები აღარ არის ნამდვილად“, – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა დღეს მედიაცენტრ „მთავარში“.

ინფექციონისტმა აღნიშნული საკითხი სოციალურ ქსელშიც განმარტა. როგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებსა და გამოცდილებას.

„საქმე ის არის, რომ Pcr განმეორებითი ტესტირების დროს ბევრი რეალურად გამოჯანმრთელებული ადამიანის ტესტის პასუხი კვლავ რჩება დადებითი. რეალურად კი ეს ადამიანები ვირუსის გადამტანები არ არიან და არც ავადმყოფობა აღენიშნებათ. უბრალოდ, ისინი კვლავ გამოყოფენ ვირუსული რნმ ფრაგმენტებს, ანუ მათი Pcr ტესტი შეიძლება ისევ დადებითი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი გადამდებია“, – წერს მაია ბუწაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ  Pcr შეიძლება დადებითი იყოს 3 თვემდე. თუმცა ყველა კვლევა და ფაქტი მოწმობს, რომ ადამიანი სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები.

„ამიტომ ასეთ პაციენტებს აღარ ევალებათ, იყვნენ იზოლირებულები, რადგან ისინი ითვლებიან გამოჯანმრთელებულებად და არ წარმოადგენენ ინფექციის წყაროს,
ხოლო ისინი, ვისაც სიმპტომები არა აქვთ, იზოლაციისგან განთავისუფლებულებად ითვლებიან პირველი დადებითი Pჩღ ტესტიდან 10 დღეში და აღარ წარმოადგენენ რისკს“, – განმარტავს ის.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი 225 აჭარის რეგიონზე მოდის. დღეს კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვალებულების საერთო რაოდენობა უკვე 39-ია.