რატომ იცავენ მავთულხლართებით და შეიარაღებული ჯარისკაცებით საკარანტინო ზონებს - სუბარის განმარტება

პუბლიკა

რატომ აბამენ ჯარისკაცები მავთულხლართებს მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებთან და რატომ არიან ავტომატებით შეიარაღებულნი? ამ კითხვებით მიმართა „პუბლიკამ“ სოზარ სუბარს, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში.

„შეიარაღებულები რომ არიან – ეს ვინმეს რამე პრობლემას უქმნის? რამე კანონი ირღვევა? თუ ვინმეს უფლება ილახება? ვიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. თქვენ რა არ მოგწონთ, არ ვიცი“ – გვიპასუხა პრემიერის მრჩეველმა – ჯარი იმისთვისაა მობილიზებული, რომ გადაკეტოს კარანტინი და ამისთვის მათ ძალიან კარგი წვრთნა აქვთ გავლილი, ნატოს სტანდარტებით. და ყველაფერი რაც იქ კეთდება, ეს არის ნატოს სტანდარტების შესაბამისი.

მისივე თქმით, ჯარისკაცები მავთულხლართებს აბამენ იმიტომ, რომ მოსახლეობამ არ სცადოს შემოვლითი გზებით გამოსვლა. „ნიუ-იორკის ქუჩებში დადის ჯავშანტექნიკა, და საქართველოში რატომ გვიკვირს?“ – გვითხრა მან.

სუბარის თქმით, საქართველოს არ ჰყავს იმდენი პოლიციელი, რომ, ერთი მხრივ, რომელიმე რეგიონში საკარანტინო ზომები უზრუნველყონ და ამავე დროს არ შეიქმნას პრობლემები სხვაგან.

„რატომ ჩაითვალა აუცილებლად ჯარისკაცების ავტომატებით შეიარაღება, და რატომ არ შეიძლება მათ ჩვენი მოქალაქეები  ავტომატების გარეშე არ გამოუშვან კარანტინიდან?  – ამ შეკითხვაზე სუბარი ამბობს, რომ მათ პირიქით უფრო მკაცრ ზომებს სთხოვენ, ისინი კი მინიმალური ნაბიჯებით მიდიან. „და რაზეც არ ჩნდება კითხვა ამერიკასა და იტალიაში, ნუ ჩნდება საქართველოში“ – განაცხადა მან.