Reuters: კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი უცნობია

ვასკა მათითაიშვილი

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისა და ნაციონალური ტრანსპორტირების უსაფრთხოების ბორდის მიერ წარმოებული გამოძიება კი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, – წერს კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის შესახებ სააგენტო „Reuters“.


კვირას, 26 იანვარს, NBA-ს ვარსკვლავის, კალათბურთელ კობი ბრაიანტის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. 41 წლის ვარსკვლავი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში, თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად დაიღუპა. ბორტზე სულ 7 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ყველა მათგანი დაღუპულია, – წერს „Reuters“.


ბრაიანტი 18 წლის ასაკში გახდა ცნობილი, როდესაც ის Los Angeles Lakers-ის ახალწვეული იყო.

გუნდში 20-წლიანი ვარსკვლავური თამაშის შემდეგ, 2016 წელს, მან საკალათბურთო კარიერა დაასრულა. კარიერის განმავლობაში იგი ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, NBA-ს All-Star ის ტიტული კი 18-ჯერ მიენიჭა.

„NBA-ს ოჯახი შეძრულია კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის, ჯიანას ტრაგიკული გარდაცვალებით“, – განაცხადა NBA-ს კომისარმა, ადამ სილვერმა.

„20 წლის განმავლობაში კობიმ გვაჩვენა, თუ რა არის შესაძლებელი, როდესაც გამორჩეული ნიჭი შერწყმულია აბსოლუტურ მიზანსწრაფულობასთან გამარჯვებისკენ. ის იყო ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოთამაშე მრავალი ლეგენდარული მიღწევით, თუმცა ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ის შთაგონებაა, რომლითაც იგი აღავსებდა სხვებს“.

ბრაიანტის დაღუპვას ასევე გამოეხმაურა, NBA-ს სამგზის ტიტულოვანი კალათბურთელი შაკილ ო’ნილი – „სიტყვებით ვერ გამოვთქვამ იმ მწუხარებასა და ტკივილს, რომელსაც განვიცდი ჩემი დისშვილის ჯიჯისა და ჩემი ძმისა და მეგობრის, კობი ბრაიანტის დაკარგვით. მიყვარხარ და მომენატრები. ჩემი თანაგრძნობა ბრაიანტებისა და ყველა გარდაცვლილის ოჯახს, ვინც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა“.

შემთხვევას გამოეხმაურნენ აშშ-ს ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტებიც. ბარაკ ობამამ twitter-ზე დაწერა: „კობი იყო ლეგენდა მოედანზე და იწყებდა ასევე ახალ საქმეს, რომელიც მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება უკანასკნელს. ჯიანას დაღუპვა კიდევ უფრო შემაძრწუნებელია ჩვენთვის, როგორც მშობლებისთვის. მე და მიშელი ვლოცულობთ ვანესასთვის [მეუღლე] და ბრაიანტების ოჯახისთვის ამ შემაძრწუნებელ დღეს“.

დონალდ ტრამპმა კი განაცხადა: „კობი ბრაიანტი, მიუხედავად იმისა, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, ახლა იწყებდა ცხოვრებას. მას უყვარდა თავისი ოჯახი და ჰქონდა მომავლის რწმენა. მისი ულამაზესი ქალიშვილის, ჯიანას დაღუპვა ამ ტრაგიკულ წუთებს უფრო დამამძიმებელს ხდის”.

შემთხვევას გამოეხმაურა NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი, მაიკლ ჯორდანიც. „მე მიყვარდა კობი, როგორც პატარა ძმა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ეს საუბრები ძალიან მომენატრება“.

ტრაგიკულ შემთხვევას ფეხბურთის ვარსკვლავები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუც გამოეხმაურნენ. ლიონელ მესიმ Instagram-გვერდზე გამოთქვა წუხილი მეგობრისა და ნამდვილი „გენიოსის“ დაღუპვის გამო. რონალდუმ კი პრესას განუცხადა, რომ ბრაიანტი იყო „მრავალთათვის შთამაგონებელი“, მისი დაღუპვა კი შემზარავი.

ბრაზილიის ნაკრებისა და პარის სენ-ჟერმენის ცნობილმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა კი საფრანგეთის ქალაქ ლილეში გოლის აღნიშვნის დროს სპეციალური ჟესტი მიუძღვნა ლეგენდარულ კალათბურთელს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ, ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით Instagram-ზე კობი ბრაიანტის ფოტო ატვირთა. „ძალიან ადრე. ძალიან სამწუხაროა. ძალიან ბევრი გატეხილი გული. ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“, – წერს ის.