როცა ზომიერად აფასებენ შენს ამხელა უბედურებას, საუბარი სხვანაირად უნდა იყოს და არა აქეთ შეტევა - კობახიძე ნიჟარაძეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ISFED-ის მიერ პარალელური ხმის დათვლის (PVT) შედეგების დაზუსტებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გადაცემის მიმდინარეობისას მან ასევე უპასუხა ISFED-ის ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ კრიტიკას და უბნების 8%-ში დისბალანსზე გამოთქმულ პოზიციას.

კობახიძე ამბობს, რომ PVT-ის შედეგების დაზუსტების შემდეგ „ქართული ოცნების” წარმომადგენელების განცხადებები ISFED-ის მიმართ მოზომილი იყო, საპასუხოდ კი არასწორი და არაადეკვატური განცხადებები მოისმინეს მათი მხრიდან. მისი თქმით, ქვეყნის აყირავება შეიძლებოდა გამოეწვია იმას, რომ PVT ასცდა ცესკოს მონაცემებს.

„იცით, რომ გუშინ ISFED-ს ოპოზიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ. იყო ძალიან სერიოზული შტურმი, ათასი ბრალდება და ა.შ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალურად რბილი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სერიოზული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში დაგვიმალეს PVT-ის მონაცემები. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავუფრთხილდით არასამთავრობო ორგანიზაციას, არასამთავრობო სექტორს და გვქონდა საკმაოდ რბილი და მოზომილი განცხადებები ISFED-თან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მათი რეაქცია ამასთან დაკავშირებით იყო, მე ვიტყოდი, არასწორი და არაადეკვატური. არ შეესაბამება იმ პრობლემას, რომელიც შეიქმნა ამ არასწორი PVT-ს გამოქვეყნების საფუძველზე. რეალურად, საუბარი იყო ქვეყნის აყირავების რისკზე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ასეთი მოცემულობით – ქვეყნის აყირავება შეიძლებოდა გამოეწვია იმას, რომ PVT ასცდა ცესკოს მონაცემებს…

არჩევნების მეორე დღეს ყველა ელოდება ხოლმე PVT-ის, და იქ ცდომილება ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს მოცემულობა დადო ISFED-მა, და დღეს როცა საუბარია, თუნდაც შეცდომაზე და ხარვეზზე, ამაზე სხვანაირად უნდა იყოს საუბარი და არა აქეთ შეტევის ფორმით.

… ასეთ დროს, როდესაც იქით შეტევაზე გადმოდიხარ, როდესაც ზომიერად აფასებენ შენს ამხელა უბედურებას, რასაც შეიძლებოდა ქვეყნის აყირავება მოყოლოდა, და იქით შეტევაზე გადმოდიხარ, ჩემი რჩევა იქნებოდა ISFED-ის ხელმძღვანელისა და ნინო ლომჯარიას მიმართ, რომ ცოტა სხვანაირი რეაგირება უნდა მოჰყვეს, როდესაც ამხელა უბედურებას აღმოაჩენ ISFED-ის PVT-ში”, – აცხადებს კობახიძე.