როგორ აფასებენ დეველოპერები მთავრობის სტიმულირების პაკეტს

პუბლიკა

დღეს საქართველოს მთავრობამ დეველოპერებისთვის განკუთვნილი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან სფეროს პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე, შეაფასეს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა.

სამშენებლო კომპანია „აქსისის“ წარმომადგენელმა, სანდრო მეჟევიძემ განაცხადა, რომ სტიმულირების პაკეტი დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი იყო, რადგან მასში გათვალისწინებული იყო კრიზისის მიერ დაზარალებული ორივე მხარე – მომხმარებელიც და სამშენებლო კომპანიებიც. ყოვლისმომცველი და დაბალანსებული – ასეთი ეპითეტებით შეაფასა გეგმა „ემ კვადრატის” წარმომადგენელმა.

სანდრო მეჟევიძის განცხადებით, კორონავირუსის დროს, კარანტინის პერიოდში, ბინების შესყიდვა, ძირითადად, გაჩერდა. ამ პერიოდში, მისი განმარტებით, კომპანიები იძულებულები გახდნენ, შეემცირებინათ ხარჯი და თანამშრომლები გაეშვათ.

„120 000 კაცი მუშაობს დღეს სამშენებლო სექტორში. მიახლოებით მაგდენია მიბმული ეკონომიკის სხვა სეგმენტები მშენებლობას და ეს ხალხი, ფაქტობრივად, დგას რისკის ქვეშ, რომ დარჩნენ უსამსახუროდ.

გაყიდვის გაჩერება ხდება პირველ ეტაპზე. ეს არის დასაწყისი. მერე უფრო გაღრმავდება ეს პროცესი. გაყიდვის შემცირება გაგრძელდება. თავი არ უნდა დავიმშვიდოთ შემოდგომამდე. ვირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა, ეს არ ვიცით, მაგრამ, სავარაუდოდ, იქნება და ჩვენც ვერ ვიქნებით გამონაკლისი.

კომპანიებმა ეს ტვირთი რომ ატარონ და თანამშრომლები დაასაქმონ, შექმნან დოვლათი და დოვლათი არის ის, რაც მერე ქმნის ბიუჯეტს”, – განმარტა მეჟევიძემ, თუმცა ჟურნალისტების კონკრეტულ შეკითხვებს – კომპანია „აქსისს” რამდენი პროცენტით შეუმცირდა გაყიდვა და რა ზარალი მიადგა ბიუჯეტს, აღარ უპასუხა.

„ემ კვადრატის” წარმომადგენელი, ირაკლი ბურდილაძე კი აცხადებს, რომ სტიმულირების პაკეტი ხელს შეუწყობს დეველოპერულ სექტორში ლიკვიდურობის შენარჩუნებას და სტაბილურობას, შესაბამისად, სერიოზულად დაეხმარება კომპანიებში დასაქმებულებს.

ბურდილაძის თქმით, მთავრობასთან მოლაპარაკებაში თითქმის ყველა დეველოპერი იყო ჩართული.

„ჩვენი მოთხოვნა იყო მოთხოვნის მხარის სტიმულირება. როგორ მოხდებოდა, ეს უკვე მთავრობამ გადაწყვიტა. მოთხოვნის მხარის სტიმულირებაში, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობდით იპოთეკური დაკრედიტების სტიმულირებას; მეორე მოთხოვნა იყო, რომ ბანკებს შევუქმნათ გარკვეული კომფორტი დეველოპერულ პროექტებზე იპოთეკური სესხების გაცემის კუთხით, რომ სახელმწიფომ გასცეს გარანტია ბინების შესყიდვის მხრივ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გარანტიის ამოქმედება, სავარაუდოდ, ძალიან დაბალი ალბათობაა იმისი, რომ რომელიმე დეველოპერმა ამ ფასად ბინა გაყიდოს. ამ გარანტიის არსებობა კომფორტს უქმნის ბანკებს”, – აცხადებს ბურდილაძე.

ბურდილაძე აცხადებს, რომ „ემ კვადრატს” გაყიდვები ჯერჯერობით არ შემცირებია, მაგრამ მოსალოდნელია.

„კრიზისი დაიწყო რამდენიმე თვის წინ, მოსალოდნელი იყო გაყიდვის შემცირება, რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო ეს პროგრამა და დახმარების ეს პაკეტი, გაყიდვები სექტორში აუცილებლად შემცირდებოდა, რაც  შეიძლება, ზოგიერთი დეველოპერისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხიც გამხდარიყო.

ეს პროგრამა, ჩვენი აზრით, ამ საფრთხეებს აარიდებს ქვეყანას, დეველოპერების გაკოტრებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას”, – აცხადებს ის.

ბურდილაძე ფიქრობს, რომ გაყიდვის შემცირება არ იქნება და მთავრობის წარმოდგენილი გეგმა ემსახურება გაყიდვების იმ დონემდე შენარჩუნებას, როგორიც კრიზისამდე იყო.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ ფასი გაიზრდება უძრავ ქონებაზე, ეს გამორიცხულია”, – აცხადებს ბურდილაძე.

მისი შეფასებით, მთავრობის პროგრამა ფასების მერყეობას მინიმუმამდე დაიყვანს და სტაბილურობას შეუყობს ხელს, რაც სექტორისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

დღეს წარმოდგენილი გეგმით, სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი, სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია. როგორც შეხვედრაზე გახარიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტისა, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, 5 წლის განმავლობაში.