როგორ განაწილდა 30 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები - კანონპროექტი

პუბლიკა

პარლამენტში დარეგისტრირდა საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მომზადებული კანონპროექტი. კონსტიტუციურ კანონპროექტს ხელს 85 დეპუტატი აწერს. შეთანხმება, საპარლამენტო არჩევნების 120/30 სისტემით ჩატარებაზე, კანონპროექტში ამგვარად აისახა:

განმარტებითი ბარათის მიხედვით, არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით; პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი გამორიცხავს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებასა და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას.

კერძოდ, ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს;

ამასთან, კანონპროექტი ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით;

თბილისში იქნება 8 ოლქი:

  1. მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები;
  2. ვაკის რაიონი;
  3. საბურთალოს რაიონი;
  4. ისნის რაიონი;
  5. სამგორის რაიონი;
  6. დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები;
  7. გლდანის რაიონი;
  8. ნაძალადევის რაიონი;

კახეთი – 2 ოლქი:

  1. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;
  2. გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;

ქვემო ქართლი – 3 ოლქი:

  1. რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  2. მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  3. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;

მცხეთა-მთიანეთი – 1 ოლქი:

  1. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;

შიდა ქართლი – 2 ოლქი:

  1. კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  2. ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;

სამცხე-ჯავახეთი – 2 ოლქი:

  1. ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
  2. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;

იმერეთი – 4 ოლქი:

  1. ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  2. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
  3. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
  4. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები;

სამეგრელო – 3 ოლქი:

  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  2. ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები;
  3. წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;

გურია – 1 ოლქი:

  1. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;

აჭარა – 3 ოლქი:

  1. ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  2. ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები;
  3. ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;

რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი – 1 ოლქი:

  1. ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები;