როგორ განაწილდა კომისიის წევრთა ხმები და ვინ წარუდგინეს პარლამენტს მაუწყებლის ბორდში ასარჩევად

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ 19 ივნისს კონკურსში მონაწილე კანდიდატებს კენჭი უყარა. პარლამენტს კომისიამ 8 წევრი წარუდგინა შესარჩევად.

ახლა ჯერი უმრავლესობასა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არჩევანზეა. უმრავლესობის კვოტით ასარჩევია ერთი კანდიდატი და, შესაბამისად, უმრავლესობამ წარდგენილი  კანდიდატებიდან ერთი უნდა წარუდგინოს პარლამენტს ასარჩევად.  საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა კვოტით კი ორი პირია ასარჩევი.

რაც შეეხება თავად კომისიის კენჭისყრის შედეგებს. კომისია 9 წევრისგან იყო დაკომპლექტებული და ხმები კანდიდატებზე ასე განაწილდა: ზაზა აბაშიძემ კომისიის ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო. თამარ ამაშუკელს 8 წევრმა დაუჭირა მხარი. კაპანაძე ნათიამაც 8 მხარდაჭერა მიიღო. გიას მურღულია 7 წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა უარყოფითი პოზიცია გამოხატა. ბონდო მძინარაშვილმა 6 წევრის მხარდაჭერა მიიღო. ზაურ ხალილოვმაც ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო.

საქართველოს პარლამენტს კომისიამ მეურვეობის მსურველებად წარუდგინა 8 კანდიდატი.

  1. აბაშიძე ზაზა
  2. ამაშუკელი თამარ
  3. კაპანაძე ნათია
  4. მურღულია გრიგოლ
  5. მძინარაშვილი ბონდო
  6. შონავა დოდო
  7. ჩლაიძე კონსტანტინე
  8. ხალილოვი ზაურ

კომისია 9 პირისგან იყო დაკომპლექტებული: ეკა ხოფერია, სოფო ნარჩემაშვილი, მარიამ გოგოსაშვილი, თორნიკე გურული, დავით ცხადაძე, მაკო ჯაოშვილი, ერმილე მესხია, ანი კიკნაძე, გიორგი ნონიაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს. პარლამენტს 8 კანდიდატი წარედგინა, საიდანაც უნდა შეირჩეს 3 ადამიანი, რომლებიც ბორდში ნინია კაკაბაძეს, ქეთი მსხილაძეს და გია იაკობაშვილს ჩაანაცვლებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო 9 წევრისგან შედგება. საქართველოს პარლამენტი დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით; სამს –  საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით; ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

ამჯერად ასარჩევია უმრავლესობის კვოტით დასახლებული ერთი კანდიდატი და ორი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ.

ჯერ უცნობია, პარლამენტისთვის წარდგენილი 8 წევრისგან ვის წარუდგენს ოპოზიცია და უმრავლესობა პარლამენტს მაუწყებლის ბორდში ასარჩევ წევრად.