როგორ უნდა მოიქცეს სკოლა თუ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

15 თებერვლიდან საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. როგორ მოიქცევა სკოლა კორონავირუსით ინფიცირების დაფიქსირების შემთხვევაში და რამდენი ხნით მოუწევთ დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა. ამ კითხვას ტელეკომპანიას “იმედის”ეთერში მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ უპასუხა.

ეკა დგებუაძის თქმით, თითოეული შემთხვევის შესახებ სკოლამ ეპიდემიოლოგებს უნდა აცნობოს და მათი მონაწილეობით მიიღებს სკოლა გადაწყვეტილებას სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

“თუ სკოლაში ნებისმიერ ადამიანს დაუფიქსირდება კორონავირუსი, სკოლის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მისწეროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს ადგილობრივ დონზე. სკოლა წერილობით მიიღებს ინფორმაციას მხოლოდ ერთი კლასი უნდა გადავიდეს დისტანციურ ფორმატზე  თუ მთელი სკოლა. ასეთ შემთხვევებში სკოლა, ან კლასი დისტანციურ ფორმატზე ორი კვირით გადავა” – განაცხადა ეკა დგებუაძემ “იმედის” ეთერში.

რა წერია რეკომენდაციების დოკუმენტში, რომელიც სკოლებისთვის შემუშავდა

სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში გასატარებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე სკოლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან კონსულტაციას გადის.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურის გასცემს სამოქმედო რეკომენდაციებს სკოლისთვის.

„COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოკვლეული ინფორმაციის მიწოდებიდან 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს კონტაქტირებულთა რისკების შეფასებას, განუსაზღვრავს მათ თვითიზოლაციის/კარანტინის ვადებს და აღნიშნულის თაობაზე ახდენს სკოლის დირექციის ინფორმირებას, ხოლო არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში უგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას წერილობითი სახით, ელ-ფოსტის საშუალებით.“ – ვკითხულობთ რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტში.

  • მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს;
  • დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე);
  • არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.

სასწავლო პროცესში ხელახალი ჩართვის /სკოლაში დაბრუნების პროცედურები:

დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას.

მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;