სასკოლო საგანმანათლებლო პროცესი პანდემიის დროს - რეკომენდაციები გზამკვლევიდან

პუბლიკა

პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის მართვის მხარდასაჭერად World Vision საქართველოს ექსპერტთა გუნდმა სკოლებისთვის პრაქტიკული გზამკვლევი შეიმუშავა.

გზამკვლევი  მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის; მოსწავლის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომა სკოლებში; საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება სკოლებში; სასკოლო სასწავლო გეგმა; საგანმანათლებლო რესურსები; სკოლის პერსონალისა და მასწავლებელთა მხარდაჭერა; ხარისხის მართვა, მონიტორინგი და შეფასება; კეთილდღეობა Covid 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში; რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის.

გზამკვლევიდან გთავაზობთ საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისა და პედაგოგთა მხარდაჭერისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს.

როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება სკოლებში?

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოში მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა, რაც განპირობებული იყო მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებული ხარვეზებითა და დისტანციური სწავლების დაბალი ხარისხით.

ამ გარემოებებმა კი მოსწავლეებს შეუქმნა სხვადასხვა ტიპის პრობლემები, როგორც სწავლა-სწავლების, ისე ფსიქოლოგიური და სოციალურ-ემოციური თვალსაზრისით.

დოკუმენტის ავტორებს 2020-2021 აკადემიური წლის სასწავლო პროცესის ორგანიზების კუთხით ორ ძირითად ამოცანაზე აქვთ ყურადღება გამახვილებული: კერძოდ, 2019-2020 წლის მეორე სემესტრში სწავლაში ჩამორჩენის აღმოფხვრა; სასკოლო კურიკულუმის განვითარება სწავლა-სწავლების ყველა სცენარის გათვალისწინებით.

როგორ არის შესაძლებელი გასული სემესტრში სწავლაში ჩამორჩენის აღმოფხვრა?

დოკუმენტის ავტორთა რეკომენდაციით, სკოლამ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლებიც იდენტიფიცირებას გაუკეთებს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გასულ სემესტრში შეექმნათ პრობლემები სწავლა-სწავლებისა თუ ფსიქოლოგიური და სოციალურ-ემოციური მიმართულებით. წარმოქმნილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლას ასევე შეუძლია, შექმნას კომპენსირების გეგმა. სწავლა-სწავლებაში არსებული ხარვეზების კომპენსირების გეგმა შესაძლებელია მოიცავდეს მოსწავლეებსა ან კლასების ჩამონათვალს, სასწავლო თემებს, საკომპენსაციო აქტივობების ფორმებს (მაგ: გაკვეთილი, ინდივიდუალური მუშაობა, დამატებითი გაკვეთილი, საკლუბო მუშაობა, პროექტი და ა.შ.), აქტივობების განრიგს, პასუხისმგებელ პირებს და სხვა;

სკოლის პერსონალისა და მასწავლებელთა მხარდაჭერა

დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, სწავლა-სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მასწავლებლებს აქვთ. მეტწილად სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი. აქედან გამომდინარე, მათი მხარდაჭერა თითოეული სკოლის პრიორიტეტი უნდა იყოს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დისტანციური განათლება და შერეული/ჰიბრიდული მოდელების გამოყენება მოითხოვს სისტემურ მომზადებას და მასზე ეტაპობრივად გადასვლას. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ სკოლების უმრავლესობაში საჭირო იქნება მასწავლებლების მხარდაჭერა როგორც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე ონლაინ პედაგოგიკის მიმართულებით. შექმნილი მდგომარეობიდან და შეზღუდული დროიდან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შესაძლოა შიდა სასკოლო ტრენინგ-მოდულების განხორციელება. აღნიშნულისათვის ერთ-ერთი გზა არის მასწავლებელთა მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა. მხარდამჭერ ჯგუფებში უნდა გაერთიანდნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც ეს საკითხები კარგად ესმით და მზად არიან, წვლილი შეიტანონ კოლეგების განვითარებაში.

დოკუმენტის ავტორები ასევე, ყურადღებას ამახვილებენ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მასწავლებლის ემოციური კეთილდღეობის შესანარჩუნებლადაა მნიშვნელოვანი:

  • უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ მოუსმენენ. კონსტრუქციული დიალოგი საჭიროა როგორც მასწავლებელსა და მშობელს შორის, ასევე მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის. მაგალითად, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განაცხადოს, რომ იგი ვერ უმკლავდება ამა თუ იმ სიტუაციას დამოუკიდებლად და ესაჭიროება დახმარება (სპეციალისტის რჩევის, ტრენინგის ან სხვა სახით).
  • მასწავლებელმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ფიზიკური უსაფრთხოება, ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობა ისევე მნიშვნელოვანია სკოლისთვის, როგორც ბავშვების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პანდემიის პირობებში მუშაობამ შესაძლებელია, პროფესიული გადაწვა გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლაში ჯანმრთელი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა, საჭიროების შემთხვევაში კი სპეციალისტის (ფსიქოლოგის, ტრენერის, რომელიც გააცნობს სტრატეგიებს ფსიქოლოგიური გადაწვის თავიდან არიდების შესახებ) მოწვევა.
  • დატვირთული დღის განრიგის მიუხედავად, აუცილებელია სასკოლო ცხრილი იყოს მომზადებული ისე, რომ მასწავლებელს ჰქონდეს დღის მანძილზე დასვენების დრო და საშუალება.
  • სასწავლო პროცესის ცვლილებებთან დაკავშირებით სასურველია მასწავლებელს ჰქონდეს გარკვეული დრო ადაპტირებისთვის.
  • მასწავლებლების მოტივაციის გაზრდისთვის სასურველია პერიოდული პოზიტიური უკუკავშირი სკოლის ადმინისტრაციასთან.

გზამკვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გზამკვლევი განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექციის, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლების, სასკოლო თემის სხვა წარმომადგენლებისათვის და მიმართულია მოსწავლეთათვის სწავლა­სწავლების ეფექტიანი სისტემის შექმნის მხარდაჭერისკენ.