როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ისე მოგიწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა - კობახიძე ენმ-ს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა.

მისი თქმით, პარტიის წევრებს ისევე მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებების მიღება, როგორც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გამოთქმული ფრაზები წაიღეს უკან.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი პოლიტიკოსების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს არანაირი ნიშანწყალი კაცობის და ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომლებიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერს საზოგადოება გასცემს სათანადო პასუხს.

„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ – ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ცნობილი ფრაზა. ისიც კარგად გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ.

„ვერ გადამიხდით, არ გამოვალ“ – ესეც კარგად გვახსოვს. ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა. ვერც ამ შემთხვევაში შეასრულა თავისი სიტყვა.

ახლა ფრაზები პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ესეც რომ გავიხსენოთ:

პირველი – „ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება“, თქვა ხატია დეკანოიძემ. როგორც ვხედავთ ბოლოს ქალბატონმა ხატიამ თავი გაიმეტა და შემოვიდა.

„ამ პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ“ – თაკო ჩარკვიანი. ისიც დღეს ამ პარლამენტის სტუმარია.

„99,9%-ით პარლამენტში ვერ და არ შევალ“ – ნიკანორ მელია. როგორც ხედავთ ხანდახან 0.1%-იც მუშაობს.

ამ და სხვა მრავალი ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის მყარად აღიარება, რაც, რა თქმა უნდა, არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხმა ვერცერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა.

მინდა მივმართო ნაციონალებს. როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება ზუსტად ასე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.