როგორია ინფექციის გავრცელების ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყანაში

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ინციდენტობის მაჩვენებელზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, არსებული მონაცემებით, დღესდღეობით ქვეყანა ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს. უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 14 დღის ინციდენტობის მაჩვენებელი არის 4.2

მისივე განმარტებით, შიდა კონსენსუსით დაწესებული ზღვარი მწვანე ზონის არის   5; 5-10 – ყვითელი; 10-20 – ნარინჯისფერი, 20-დან ზემოთ – წითელი.

„ზოგადად ინციდენტობის მაჩვენებელი (საშუალო 100 000 მოსახლეზე) ბოლო 7 დღეზე თუ დავთვლით, გაქვს 5.2, ხოლო 14-დღიანი საშუალო, რასაც ვითვლით ხოლმე, გვაქვს 4.2, ჩვენი ზღურბლი არის 5, რაც შიდა კონსენსუსით გვაქვს დაწესებული.

რაც შეეხება აჭარას, იქ ეს მაჩვენებლი გაცილებით მაღალი გვაქვს – 7-დღიანი 35 და 14-დღიანი 27,6

ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა სექტემბერში სერიოზულად, როგორც გითხარით, ეს პროგნოზირებადი იყო, მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი მართვადია სრულად, ანუ ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში და ვცდილობთ, რომ პირველ რიგში, რადგან ძირითადად ინფექცია კონცენტრირებულია აჭარაში, მოვახდინოთ მისი იქ სტაბილიზაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთი:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3913;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 574;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 23;
  • კარანტინის რეჟიმში – 4 988;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;