რომელი სამინისტროების დაფინანსება იზრდება და მცირდება | TI ბიუჯეტის პროექტის შეფასებას აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ამ პროექტის მოკლე შეფასებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ძირითადი მიგნებები

  • „ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.9%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 5%-ით გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია დიდი ალბათობით მომავალი წელსაც გაგრძელდება, რეგიონში საომარი მოქმედებებია და ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა შემცირებულია, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვფიქრობთ,  საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია;
  • 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 14.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 3.7 მლრდ ლარით ნაკლებია. შემცირებას განპირობებს ის, რომ 2020 წელს მთავრობა 8 მლრდ ლარის ვალს იღებს, ხოლო 2021 წელს 3.2 მლრდ ლარის ვალს აიღებს;
  • ბიუჯეტის ხარჯები 1 მლრდ ლარით მცირდება. კლება პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებითაა გამოწვეული. ძირითადად, ეს ეხება სუბსიდიებს და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც 2021 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული;
  • 99 მლნ ლარით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და იგი ჯამში 3 მლრდ ლარამდე იქნება. კლებას პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო საქონლის და მომსახურების შესყიდვის შემცირება განაპირობებს. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 210 მლნ ლარით მეტი იქნება;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 429 ადამიანით იზრდება და 112,643 მიაღწევს. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება. 110-ით იზრდება ეკონომიკის სამინისტროში, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვაში დასაქმებულთა რაოდენობა. 82-ით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა;
  • 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 370 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
  • ყველაზე მეტად 4 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 601 მლნ ლარით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს – 199 მლნ ლარით, თავდაცვის სამინისტროს – 95 მლნ ლარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს- 30 მლნ ლარით;
  • ყველაზე მეტად სამი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ჯანდაცვის სამინისტროს – 663 მლნ ლარით, ეკონომიკის სამინისტროს – 466 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 61 მლნ ლარით. სამივე სამინისტროს შემთხევაში კლების მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებაა. მომავალ წელს მხოლოდ კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამის გაგრძელებაა დაგეგმილი იანვარ-თებერვალში;
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 42 მლნ ლარით მცირდება და მისთვის 760 მლნ ლარია გამოყოფილი, მაშინ როდესაც, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 795 მლნ ლარი და წლის ბოლომდე 900 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება;
  • 2021 წლის ბიუჯეტში თანხა არ არის გამოყოფილი „კორონავირუსთან” დაკავშირებული საკარანტინე და სხვა ღონისძიებების დაფინანსებაზე. თუმცა, ცხადია, რომ საკარანტინე სივრცეების დაქირავება 2021 წლის დასაწყისშიც საჭირო იქნება და მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა აუცილებელი გახდება;
  • ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 მლრდ ლარი (მშპ-ის 5.2%) იქნება, საიდანაც 528 მლნ ლარი ახალი ვალის აღებით დაიფარება, ხოლო 2.3 მლრდ ლარი – ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებით;
  • 2021 წელს მთავრობა 3.2 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.6 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციების დაფარვას გეგმავს. ვალის დასაფარად წელს მოზიდულ საერთაშორისო დახმარებებს გამოიყენებს. 2021 წლის ბოლოს ვალი 30.5 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 56% იქნება და დაშვებულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს მიუახლოვდება.
  • ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს, რაც პროგრამული ბიუჯეტირებისადმი არასათანადო მიდგომის მაჩვენებელია. შენარჩუნებულია დღეს არსებული მიდგომა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.

რეკომენდაციები

  • პანდემიის გამწვავების, რეგიონში მიმდინარე ომის და შემცირებული უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს;
  • ბიუჯეტის ხარჯებში „კორონავირუსით” გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე საჭირო თანხების არასახვა, ბიუჯეტს არარეალისტურს ხდის. მთავრობამ აუცილებლად უნდა ასახოს ბიუჯეტში გაზრდილი სამედიცინო ხარჯები, საკარანტინე და სხვა ღონისძიებების დაფინანსება;
  • გასული წლების და მიმდინარე წლის მსგავსად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი. სამინისტრომ ან 2021 წლისთვის გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების  შეზღუდვა მოუწევს;
  • მისასალმებელია, რომ მთავრობა წელს მოზიდული საგარეო დახმარებების ნაწილით არსებული საგარეო ვალის დაფარვას გეგმავს. მომავალში ეს ვალის მომსახურების ტვირთს შეამცირებს. შესაბამისად, ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე ეს მიდგომა არ უნდა შეიცვალოს და დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, რესურსი მიმდინარე და მომავალი წლის ბუჯეტებში ეკონომიით უნდა გამოინახოს;
  • ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტის სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე.