რურუას საქმე | საქმის განხილვა სავარაუდოდ 29 ივლისს დასრულდება

დღეს საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა, დაიკითხა. დაკითხვისას მან დაკავების დღე გაიხსენა. რურუაც და მისი ადვოკატიც ამბობენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს.

„ეს ადამიანი, რომელზეც ვფიქრობ, რომ გიორგი მაისურაძეა, მეკითხებოდა: ხო იცი, რომ შენ PSM გქონდაო. მე ვუთხარი, როგორ მქონდა PSM-მეთქი და მიპასუხა აი ასე, გქონდაო. მივხვდი, რომ იარაღი ჩამიდეს. შემდგომ მითხრეს, ახლა დნმ უნდა აგიღოთო. მე ვუთხარი, ადვოკატის გარეშე დუმილის უფლებას ვიყენებ, მომეცით უფლება, რომ ადვოკატთან დავრეკო-თქო. რაზეც უარი მივიღე.

შემდგომ დავუძახე და შემოვიდა იასამნისფერსვიტრიანი პოლიციელი და დაიწყო ჩემი ჩხრეკა. რეალური ჩხრეკა დაიწყო მანდ, გივის ოთახში. ამოიღე ჯიბიდან რაც გაქვსო. ჯიბიდან ამოვიღე საფულე, ტელეფონი, „ფაუერბანკი”, გასაღები და ასევე პარალონი”, – განაცხადა რურუამ.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ განაცხადა, რომ რურუა დაკავების ადგილზე გაჩხრიკეს და ჩხრეკის დროს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.

„ამ ეტაპზე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ, ნამდვილად, ჩხრეკა ჩატარდა ადგილზე და ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. დანარჩენი, მის ჩვენებას და მთელ მასალებს შევაფასებთ ხვალ, წარმოვადგენთ ამ დასკვნით სიტყვას და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სასამართლო შეაფასებს ორივე მხარის მტკიცებულებებს”, – განაცხადა

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე მხოლოდ პროკურატურისა და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვაღაა დარჩენილი.

„ხვალ პროკურატურა ამბობს დასკვნით სიტყვას, 29 ივლისს კი – დაცვის მხარე. დიდი ალბათობით, 29-შივე დამთავრდება პროცესი და გავა მოსამართლე განაჩენის გამოსატანად“, – განაცხადა რურუას ადვოკატმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი რურუას გათავისუფლებასაც მოითხოვენ.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.