რუსების მიერ ირანული დრონების წარმატებით გამოყენება უკრაინისთვის ახალი საფრთხეა - WSJ

პუბლიკა

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ირანული დრონების გამოყენება დაიწყო და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული ზიანიც მიაყენეს.

გამოცემასთან პოლკოვნიკი როდიონ კულაგინი, უკრაინის 92-ე მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დანაყოფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ირანული დრონები ხარკივის მიმართულებით გამოჩნდნენ.

Shahed-136 ტიპის, დელტისებური ფრთების მქონე კამიკაძე დრონები რუსულ ფერებშია გადაღებილი და ახალი სახელი – Geranium 2 ეწოდა. კულაგინის თქმით, ირანული დრონები, როგორც წესი, წყვილებად მუშაობს და მისი ბრიგადის საოპერაციო არეალში 2 ცალი 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, 2 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 ცალი 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა გაანადგურეს.

ასევე, როგორც უკრაინელი ოფიცერი ამბობს, საწყის ეტაპზევე ირანული დრონით გაანადგურეს ამერიკული ბუქსირებადი ჰაუბიცა M777-იც. ერთი საფრენი აპარატი კი მწყობრიდან გამოვიდა და უკრაინელებს ჩაუვარდათ ხელში.

კულაგინის თქით, ჯერჯერობით, რუსული არმია ირანულ უპილოტოებს ხარკივის მიმართულებით იყენებს, რადგან სამხრეთ ფრონტისგან განსხვავებით, აქ რუსულმა არტილერიამ უპირატესობა დაკარგა.

The Wall Street Journal წერს, რომ სპეციალისტები, რომლებმაც უკრაინელების ხელში აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები შეისწავლეს, ამბობენ, რომ ეს ირანული Shahed-136-ის ბოლო მოდიფიკაციაა.

ამერიკელი სპეციალისტი სკოტ კრინო კი გამოცემასთან ამბობს, რომ რუსულ არმიას ირანული დრონები შეუძლია პოტენციურად ამერიკული მაღალტექნოლოგიური იარაღის საპირწონედ გამოიყენოს.

„უტყუარია, რომ Shahed-136-ის გამოჩენა უკრაინის ომში შეცვლის კიევის ოპერაციულ გეგმებს. ფრონტის ის სიგრძე, რაც უკრაინაშია, Shahed-136-ებისგან თავის დაცვას გაართულებს“, – ამბობს სკოტ კრინო გამოცემასთან.

სპეციალისტის თქმით, ირანულ უპილოტოებს დრონების წინააღმდეგ მოქმედი ელექტრონული სისტემებისგან თავდაცვის მექანიზმიც აქვს და ობიექტის მიზანში ამოღების შემთხვევაში, მისი შეჩერება მარტივი არ იქნება.

აშშ და არაბული ქვეყნები ირანს დრონების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მომხდარი თავდასხმებისას, სადაც დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები მათ ვერ გაუმკლავდნენ. ასევე, დრონებს ადანაშაულებდნენ სირიაში ამერიკელ სამხედროებსა და სპარსეთის ყურეში ტანკერებზე იერიშების დროს.

პოლკოვნიკი როდიონ კულაგინი The Wall Street Journal-თან იმედოვნებს, რომ დასავლეთი კიევს დრონების წინააღმდეგ მოქმედ თანამედროვე სისტემებს მიაწვდის, რომ გაუმკლავნდნენ მოსალოდნელ თავდასხმებს ან შეძლებს ჩაშალოს თეირანსა და მოსკოვს შორის შემდგარი შეთანხმება იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

რუსეთსა და ირანში დრონების შესყიდვაზე შეთანხმებას არ ადასტურებენ. აშშ-მა კი რამდენიმე ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა რუსეთში დრონების გადაზიდვის მიზეზით.