რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება არამარტო სამეზობლოში, ევროკავშირის შიგნითაც - ლანდსბერგისი

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ჩეხეთში მომხდარ აფეთქებაში აღმოჩენილი რუსული კვალის შემდეგ, აშკარა ხდება, რომ რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება და ევროპამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.

ამის შესახებ ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე ისაუბრა, რომლის დღის წესრიგშიც რუსეთისა და ბელარუსის საკითხებია.

„ბევრი შემაშფოთებელი შემთხვევა უკავშირდება რუსეთს. უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, ისეთ ქვეყნებში როგორიც უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც.

ის ფაქტი, რაც მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ცხადყოფს, რომ რუსეთმა 2014 წელს ევროკავშირის და NATO-ს ერთ-ერთ წევრ ქვეყენაში ჩაატარა ოპერაცია.

ეს არ უნდა დარჩეს შესაბამისი პასუხის გარეშე. შესაბამისად, ევროპა უნდა იყო ერთიანი რუსეთის ასეთი ოპერაციების, მოქმედებების მიმართ. ვისურვებდი, ამ მხრივ ევროპის პასუხებში მეტი ერთსულოვნება იყოს,“ – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩეხეთის გამოძიებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2014 წელს იარაღის საწყობებში მომხდარ აფეთქებაში რუსული კვალი იკვეთება. ჩეხეთის გამოძიების ცნობით, საწყობები რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა ააფეთქეს. კვალი შესაძლოა მიდიოდეს ორ რუს აგენტთან, რომლებიც ასევე დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის საქმეში ფიგურირებენ.