რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული ჰოლდინგი, „როსსეტი” გენერალური დირექტორის, ანდრეი რიუმინის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას – მათი განცხადებით, თბილისში ყოფნის პერიოდში შეხვედრა გაიმართა „საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობასთან.
„შეხვედრაზე განიხილეს ელექტროწარმოების სანდოობის საკითხები, მიმდინარე შედეგები და საინვესტიციო გეგმები. ასევე შეჯამდა 2024 წლის საწარმოო და ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სადაც განხილული იყო ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და მშენებლობის სფეროში ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები.
ეკონომიკის სამინისტროში „პუბლიკას” მიაწოდეს განცხადება:
„სს „საქრუსენერგო“, რომელიც 1996 წელსაა დაფუძნებული საქართველოსა და რუსეთის მიერ ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე. სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან:
საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რუსეთის ფედერაციის მხრიდან – საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»), რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50%.
“საქრუსენერგო” ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის სისტემათაშორის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „კავკასიონს”, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „მუხრანის ველს” და 330 კვ ეგხ „გარდაბანს” , საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 220 კვ ეგხ „აჭარას” . ასევე, შიდა სასისტემო 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: „იმერეთს”, „ქართლი-1”-ს , „ქართლი-2”-ს , „მუხრანს” და „ასურეთს“ .
სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ კომპანიის საფინანსო მდგომარეობას, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.
კომპანიაში საქართველოს მხარეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ამდენად, აქციონერთა საერთო კრების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე”.
„როსსეტის” ხელმძღვანელი, ანდრეი რიუმინი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ – გაერთიანებულმა სამეფომ მას სავიზო შეზღუდვები 2022 წლის მარტიდან დაუწესა, ამასთან, გაუყინა აქტივებიც.
ანდრეი რიუმინი ასევე მოხვდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტში.