რუსეთის ტყვეობიდან 215 სამხედრო, მათ შორის, „აზოვის“ მეთაურები და უცხოელი მებრძოლები გაათავისუფლეს

პუბლიკა

წუხელ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის შედეგად 215 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის 108 პოლკ „აზოვის“ წევრია, მათ შორის არიან „აზოვსტალის“ მცველები.

გუშინ ტყვეობიდან გათავისუფლდნენ „აზოვსტალის“ დამცველთა ხელმძღვანელებიც: „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო იგივე „რედისი“, სვიატოსლავ პალამარი – „კალინა“ და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი – „ვოლინა“, ასევე დენის შლეჰა და ოლეჰ ხომენკო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრიი იერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან ასევე მესაზღვრეები, პოლიციელები, საზღვაო ქვეითები, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და სამოქალაქო პირებიც.

იერმაკის თქმით, 200 უკრაინელი ტყვე პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქში, პუტინის ნათლიმამად წოდებულ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს, რომელმაც გამოძიებას უკრაინაში მოქმედ რუსული სპეცსამსახურების ქსელზე ყველა საჭირო ინფორმაცია უკვე მიაწოდა. „აზოვსტალის“ მცველთა 5 მეთაურის გასათავისუფლებლად კი 55 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი გადასცეს მოსკოვს.

პროკოპენკო და „აზოვსტალის“ დამცველთა სხვა მეთაურები საომარი მოქმედებების დასრულებამდე თურქეთში ერდოღანის პერსონალური მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების გარანტიების ქვეშ დარჩებიან.

როგორც The New York Times წერს, წუხელ ტყვეობიდან გათავისუფლდა 10 უცხოელი სამხედროც, ვინც უკრაინის მხარეს იბრძოდა. ისინი საუდის არაბეთში გადაიყვანეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხოელი მებრძოლების გათავისუფლების შეთანხმება პრინც მოჰამედ ბინ სალმანის შუამავლობით მოხერხდა.

გათავისუფლებულ უცხოელ მებრძოლებს შორის არიან ის სამხედროებიც, ვისაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. სასამართლო პროცესზე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

უცხოელი სამხედროები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, მაროკოდან და ხორვატიიდან იბრძოდნენ უკრაინის მხარეს.

უკრაინის ხელისუფლებასა და შუამავლებს თავიანთი ქვეყნების მოქალაქეების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადეს ენტონი ბლინკენმა და ლიზ ტრასმა.

LB loan image desktop LB loan image mobile