რუსეთში ყოფილ ამერიკელ სამხედროს ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსეთში ყოფილ ამერიკელ სამხედროს ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პოლ ველანი მოსკოვში პირველად 2018 წელს დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, ველანსთან ჰქონდა მეხსიერების ბარათი, რომელზეც რუსეთის სახელმწიფოს საიდუმლო ინფორმაციები იყო ჩატვირთული.

ველანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ რუსმა სამართლდამცავებმა მას პროვოკაცია მოუწყვეს. მისი თქმით, მას ეგონა, რომ მეხსიერების ბარათზე, რომელიც მას რუსმა ნაცნობმა გადასცა, შვებულების ფოტოები იყო ჩატვირთული.

„ეს არის პოლიტიკური თეატრი”, – განაცხადა ველანმა, რომელსაც პატიმრობა მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 15 ივნისს მიუსაჯა. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ვინაიდან, უწყების თქმით, ველანის საქმე საიდუმლო დეტალებს შეიცავდა.

ველანი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის დეტალები მისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინაიდან სასამართლომ მისთვის თარჯიმანი არ გამოჰყო მაშინ, როდესაც პროცესი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

ველანს სხდომაზე ფურცელი ეჭირა, რომელზეც მთელს ამ პროცესს „სიყალბედ” აფასებდა და აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებდა.

ველანის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

რუსეთში ამერიკის ელჩის, ჯონ სალივანის განცხადებით, ველანის პროცესზე ბრალდების მხარეს არც ერთი უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც, მან მთელ პროცესს „სამართლის აბუჩად აგდება” უწოდა. მისი თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის არსებულ ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

ველანის დაპატიმრების შემდეგ გავრცელდა მოსაზრება, თითქოს რუსეთის ხელისუფლება აშშ-ში პატიმრობაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ველანზე გაცვლას გეგმავდა. გავრცელებული მოსაზრებების საპასუხოდ კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ველანი „პოლიტიკური პატიმარი არ არის”.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ველანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ მოსკოვმა აშშ-ს მოქალაქე სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც გასაიდუმლოებულ პროცესზე, გასაიდუმლოებული მტკიცებულებებით აშშ-ს მოქალაქეს პოლ ველანს პატიმრობა მიესაჯა”, – განაცხადა პომპეომ. მისი თქმით, რუსეთის სახელმწიფომ არ შეასრულა საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველეყო სამართლიანი სასამართლოს უფლება პოლ ველანისთვის.

პოლ ველანი 2018 წლის დეკემბერში სასტუმროს ნომერში დააკავეს. ველანის თქმით, დაკავებისას ის საქორწილო ცერემონიაზე წასასვლელად ემზადებოდა.