სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავისი ჩამოსვლისთვის მოემზადონ

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულას“ ეთერში საქართველოში ჩამოსვლის გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოვა.

„მე არასდროს მითქვამს კონკრეტულად როდის ჩამოვალ, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ჩამოვალ იმ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავში თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, ამიტომ ჩვენმა მომხრეებმა, რომლებიც არიან საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა. მე მინდა ვთხოვო მათ, რომ მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის დავალებით არის აღძრული. ის იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში ამ საქმეებს სტრასბურგის სასამართლოში მოიგებს.

„ეს არის უკანონოდ, ყველა წესის დარღვევით აღძრული საქმეები – ერთი გაურკვეველ ცემაზე მაშინდელი დეპუტატის, გელაშვილის ცემაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს. მეორე საქმე არის შეწყალებაზე, რომელზეც საერთოდ წარმოუდგენელია ამაზე ვინმეს გასამართლება. სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმეები გააერთიანა და დაჩქარებული წესით იხილავს“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ვალერი გელაშვილზე აღნიშნა, რომ „ის იყო ბანდიტი, რომელსაც ჰქონდა ბანდიტური „რაზბორკები“.

სააკაშვილოს თქმით, მიუხედავად იმისა, მოასწრებს თუ არა სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას, ის მაინც ჩამოვა საქართველოში. ჟურნალისტის კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა მხარდამჭერებს, რომ საზღვართან მივიდნენ და იგი ფიზიკურად დაიცვან, სააკაშვილი პასუხობს:

„მე არ მჭირდება ფიზიკური თავდაცვა, მე მზად ვარ მათ შორის არ მეშინია არც ციხის. კი ბატონო, ჩასვან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ცოცხალ ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე ცნობილი მოღვაწე ციხეში. ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. ნიკა მელიამ ნათლად დაანახა, რომ ჩვენ არ გვეშინია არც მათი ციხეების, არც მათი რეპრესიების. საქართველო უნდა გათავისუფლდეს, თუ ამას სჭირდება ჩემი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება, ესეც არ არის არანაირი პრობლემა“, – განაცხადა სააკაშვილმა.