სააკაშვილთან დაკავშირებით ცოტა უფრო ირიბ კავშირებზე შეიძლება გვქონდეს ეჭვი - კობახიძე გახარიაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის” ეთერში ამბობს, რომ ვინაიდან ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ვერ განმარტა თუ რაში სჭირდებოდა ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადავადება, აღნიშნული მათ ეჭვებს უჩენს, რომ გახარიას სხვა მოტივი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრებმა 18 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე, მიიღეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სარფიდან საქართველოში შემოსვლას და „ალტერნატიული მთავრობის შექმნას“ გეგმავდა, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გახარიას პოზიციის მოულოდნელი ცვლილება ნიკა მელიას დაკავების ვადაზე.

„მთავარი არხის” ეთერში კობახიძე ამბობს, რომ:

„რაც შეეხება შეთანხმებას „ნაციონალებთან”, ჩვენ ასეთი რაღაც ვთქვით, რომ ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია – იყო გარკვეული გეგმა, 2-3 დღის ცნობილი ამბავი შეგვიძლია, გავიხსენოთ. აქ იყო სრული თანხვედრა, იქ შიგნით როგორ დამყარდა ურთიერთობა, პირდაპირი იყო ეს კავშირი თუ არაპირდაპირი, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს უბრალოდ თანხვედრა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას თავისი ლოგიკით არ მიუღია გადაწვეტილება და სხვა ლოგიკით და სხვა კავშირებით მიიღო ეს გადაწვეტილება…

ვფიქრობ, რომ მოტივი იყო უფრო მერკანტილური, სხვადასხვა ვიწრო-ფართო გაგებით, ვიდრე პირდაპირი ინტერესი, რომ მაინდამაინც სააკაშვილი ჩამოეყვანა საქართველოში. სავარაუდოდ, ეს არ იყო მისი პირდაპირი მოტივი. მას, სავარაუდოდ, ჰქონდა გარკვეული სხვა მოტივები, რომელიც ამას უბრალოდ საბოლოო შედეგად ითვალისწინებდა… 

სააკაშვილთან პარტნიორობის ცოტა უფრო ირიბ კავშირებზე შეიძლება ჩვენ გვქონდეს ეჭვი. მარტივი კითხვა დავსვით ჩვენ, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი – რაში სჭირდებოდა 2-3 დღე. 

რამდენჯერაც ეს კითხვა დაისვა, იმდენჯერ გვერდი აუარა გახარიამ. ამაზე პასუხი არ არსებობს – 2-3 დღე უკეთესობისკენ რას ცვლიდა. უარესობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა.

აქედან გამომდინარე, როცა არ გაქვს პასუხები ელემენტარულ კითხვებზე, ბუნებრივია, ეჭვები არის ძალიან მძაფრი და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, ამაზე ვისაუბროთ.

ამას ემატება გარკვეული ეჭვები დღევანდელ დაფინანსებაზე, ანუ იკვრება გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ჩვენ საუბრის საშუალებას გვაძლევს. ამას ემატება წარსულში განხორციელებული გარკვეული ქმედებები…

მიზეზების დაგროვებაზე არ არის საუბარი, იყო გარკვეული ქმედებები, რაც ამყარებს ეჭვს, რომ გავლენის ქვეშ ბევრად უფრო ადრე იყო. მაგალითად იგივე, რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა”, – თქვა კობახიძემ.