ოპოზიციამ ყველაფერზე უარი თქვა, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას უკავშირდებოდა - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლების ყველა იმ შეთავაზებაზე თქვა უარი, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას ეხებოდა. – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. ინტერვიუს წერილობით ვერსიას საინფორმაციო სააგენტო IPN ავრცელებს.

„მოცემულობა არის ის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, ხარვეზებზეც საუბრობენ, ხარვეზები ფიქსირდება ყველა არჩევნებზე, თუმცა ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის პოზიცია არის, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი. ეს წერია მათ შორის მთავარი სადამკვირვებლო მისიის, ეუთო/ოდირის ანგარიშშიც, რომელიც ყოველთვის არის მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

ჩვენ გვაქვს ნათელი შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. ამის მიუხედავად ჩვენ პარტიებს მაინც შევთავაზეთ დეტალების დაზუსტება, რისთვისაც შევთავაზეთ მათ 1500-მდე უბნის გადათვლა, რაზეც მივიღეთ უარი და იყო სპეკულაციები, თითქოს მეორე რაუნდისთვის ამის შესაძლებლობა დახურული იყო. მართალია 13-ში შეჯამდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, მაგრამ მიდიოდა სასამართლოში და სასამართლოს ჰქონდა, მათ შორის ცესკოს პოზიტიური წინადადების საფუძველზე, უკან შემობრუნების საშუალება. მეორე რაუნდის შემდეგაც იყო 5- დღიანი სივრცე იმისთვის, რომ უბნები გადათვლილიყო. ასევე სპეკულაციები გვესმოდა „კარუსელთან“ დაკავშირებით.

„კარუსელი“ რომ არ მომხდარა, ამის დასტური იყო 20-საათიანი უწყვეტი ვიდეოჩანაწერი 3700 უბანზე, რასაც ვაჩვენებდით, თუმცა ამაზეც მივიღეთ მტკიცე უარი. მესამე იყო დებატები, არჩევნების ყველა დეტალთან დაკავშირებით, ამაზეც მივიღეთ უარი. მათ ყველაფერზე თქვეს უარი, რაც უკავშირდებოდა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე „საუბარი შესაძლებელია“ და მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციასთან ყველა საკითხზე ისაუბროს, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წითელი ხაზია.

„თამარ ჟვანია არის ცესკო-ს თავმჯდომარე. ის ვერ გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური პირის თანამდებობა, ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას. ამაზე შესაძლებელია საუბარი და შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ყველა საკითხზე ვართ მზად საუბრისთვის. კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს წარმოდგენილი, მათაც აქვთ წარმოდგენილი და ამ კუთხით ღიაა დისკუსია“, – განაცხადა კობახიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. დღეს, შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ დიალოგის შინაარსს ვერ გაავრცელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი პოზიცია გაყალბებულ არჩევნებსა და პარლამენტის ლეგიტიმაციის არცნობასთან დაკავშირებით უცვლელია.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების III რაუნდი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კონსენსუსის მისაღწევად მმართველი გუნდის წინადადებას ელოდებიან.