საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორშაბათსაც გაიმართება

პუბლიკა

ორშაბათს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდება ცნობილი, თუ რომელ საკითხებზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია. ამის შესახებ განცხადებები მხარეებმა დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ფაქტობრივად, მოხდა შეთანხმება და უკვე ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორიც არის ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად შეთანხმებული ვართ, რაღაც ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზეც ვფიქრობ, რომ ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომელზეც შეიძლება, საბოლოო ჯამში შევთანხმდეთ. ყველას სჭირდება გარკვეული დრო, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ და სხვა საკითხებიც დაისვა. ორშაბათს, როგორც შევთანხმდით, გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, საბოლოო რედაქციაში შევთანხმდებით.

ვფიქრობ, აუცილებლად შევთანხმდებით მოადგილის საკითხზეც. უპირველეს ყოვლისა, მთავარია ის, რომ მესამე შეხვედრა, რომელსაც ამ ფორმატში ვმართავთ პარტიები, მედიაციისა და სხვა ფორმატების გარეშე, არის ძალიან საქმიანი, ძალიან კონსტრუქციული. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ ნაყოფიერია ჩვენი მუშაობა და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ორშაბათს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემაც. მისი განცხადებით, ორშაბათს მხარეებს უკვე შეეძლებათ იმის თქმა, თუ რა საკითხებზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია.

„დიდხანს ვიმუშავეთ, ბევრი საკითხი გავიარეთ და შევთანხმდით, რომ ორშაბათსაც შევიკრიბებით, მაშინ უკვე შეგვეძლება, ვთქვათ, რა საკითხებზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია, რა საკითხები რჩება ამ ეტაპზე შეუთანხმებელი. ეს არის საარჩევნო კომისიების ფორმირების საკითხი. ოპოზიცია ვაყენებთ საკითხს, რომ ამას უნდა გადაებას იმპლემენტირების საკითხიც.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტი ცალსახად ითხოვს, რომ დაინიშნოს მოადგილე და ეს უნდა იყოს ცესკო-ში ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან არჩეული ერთ-ერთი წევრი. ხელისუფლება არ ეთანხმება ამას და წინააღმდეგობაში მოდის დოკუმენტთან. გვთავაზობენ, რომ იყოს ორი მოადგილე, აქედან ერთი იყოს არაპარტიული და იმას ჰქონდეს უფლებამოსილება, შეასრულოს ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობები საჭიროების შემთხვევაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, შარლ მიშელის მოთხოვნას არ ვაკმაყოფილებთ და იქნება ოპოზიციისგან წარდგენილი მოადგილე, რომელსაც არავითარი ფუნქციები არ ექნება და უკანა პლანზე გადაიწევს. ამას სჯობს, საერთოდ უარი ვთქვათ ამის განხორციელებაზე, შეფარვით უარი, სხვა თუ არაფერი, უპატივცემულობაა იმ დოკუმენტისა და მისი ავტორებისა“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.