სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკაა - იქ ომი და სიკვდილია - ბიბილოვი

პუბლიკა

„მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკაა – იქ ომი და სიკვდილია“, – განაცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა არაღიარებულ, ლუგანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში სტუმრობისას.

„ფართო სურათში რუსეთია ის ძალა, რომელსაც სურს დახმარება და არა წართმევა, სურს, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს“, – თქვა ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვი უკრაინის კონფლიქტსაც შეეხო და განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებას უკრაინა არ ასრულებს, რასაც მსხვერპლი მოსდევს. რადგან მინსკის შეთანხმების მთავარი მიზანი სწორედ მსხვერპლის შეჩერებაა.

„შვიდი წელი მცირე და ამავე დროს დიდი ვადაა, ვადა ხომ მხოლოდ დღეებით, საათებით და წლებით არ იზომება. ამ შემთხვევაში, დონბასში ის იზომება ადამიანური სიცოცხლით. ესაა ყველაზე ფასეული და ძვირფასი, რაც თითოეულ რესპუბლიკას აქვს“, – თქვა ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს დონბასში კონფლიქტიდან შვიდი წლის შემდეგ სტუმრობს, რათა მათთან ერთად, ე.წ. დამოუკიდებლობა აღნიშნოს. დონბასში სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიების დამოუკიდებლობას მხოლოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აღიარებს.