საგარეოს განცხადება იყო ცალსახა და სიძულვილის ენა აუცილებელი არ არის - სარჯველაძე ბელარუსზე

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბელარუსში მომხდარ ინციდენტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება „იყო ცალსახა და მწვავე“, ამ განცხადებაზე მწვავე შეფასება და „სიძულვილის ენა“ კი აუცილებელი არ იყო. ასე უპასუხა საგარეო უწყებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ოპოზიციის კრიტიკას „ქართული ოცნების“ წევრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ მისი კომენტარის სხვაგვარად წარმოჩენა სცადა.

„გაცხადდა, რომ ბელარუსში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თითქოსდა მწვავე არ იყო განცხადებები და ჩემზე პირადადაც იყო საუბარი, რომ თითქოს მხოლოდ იმით შემოვიფარგლეთ კომენტარში, რომ სიძულევილის ენის გამოყენება არ უნდა მოხდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

ახლა მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ის რაც რეალურად განცხადებაში ითქვა და გაკეთდა: აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ცალსახა და მწვავე. იქ იყო შეფასება გაკეთებული, რომ ერთმნიშვნელოვნად დარღვეულია ადამიანის საყოველთაო უფლება, ეს არის დაუშვებელი, დაგმობილ იქნა და მოთხოვნილ იქნა და მოწოდებულ იქნა დაუყოვნებელი რეაგირებისთვის.

იგივე გავაკეთე მე და კითხვასთან დაკავშირებით, უფრო მწვავე ხომ არ უნდა ყოფილიყო ეს განცხადება. იქ გაკეთდა განცხადება, რომ სიძულვილის ენა აქ აუცილებელი არ არის, საზომად იქნას გამოყენებული. ერთმნიშვნელოვნად რომ ამას პასუხი გაეცემა, რეალობის სხვაგვარად წარმოჩენის მცდელობა, რაც აქ ოპოზიციური ლიდერებისგან ვისმენთ, არ არის მისაღები და გასაზიარებელი“, – თქვა სარჯველაძემ.

დღეს მმართველი გუნდი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება ბელარუსში ჟურნალისტის დაკავებაზე, „შიშნარევი“ იყო.

„სამწუხაროდ, დღეს, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს იჭერენ და მძევლად აჰყავთ, სათანადო რეაქცია არ აქვს ჩვენს ქვეყნას, რომელიც ვალდებულია ამ დროს ძალიან მკაფიო, მკაცრი და ხმამაღალი განცხადებები ჰქონდეს.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო უყურებდა როგორ გაიტაცა და მძევლად აიყვანა ლუკაშენკომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრალო „ტვიტი“, შიშნარევი, რომელიც რაღაც მოგზაურობის თავისუფლებაზე საუბრობდა. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოს ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა ამ ტერორისტულ აქტზე“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ხათუნა სამნიძემ.

მანამდე, ხელისუფლება გააკრიტიკა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმაც. მისი თქმით, მან უწყების განცხადებას სირცხვილი უწოდა და მიმართა პარლამენტის საგარეო კომიტეტს, კომიტეტის სახელით გაკეთდეს ადეკვატური განცხადება მომხდართან დაკავშირებით.

„ეს არის ის ხელისუფლება, რომელსაც ნორმალურად მიაჩნია ჟურნალისტების დასჯა, გატაცება და პირიქით. ხელი შეუწყო ამას აფგან მუხთარლის შემთხვევაში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მათი რეაქცია ბელარუსის ჟურნალისტის დაპატიმრებაზე და ფაქტობრივად საერთაშორისო ტერორიზმის განხორციელებაზე არის ისეთი, როგორიც არის – არაფრისმთქმელი და ცარიელი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი“, – განაცხადა სამადაშვილმა.


ბელარუსის ხელისუფლებამ საბერძნეთიდან ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, მინსკში 23 მაისს ძალის გამოყენებით დასვა.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაჯდომა ბელარუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა MiG-29-მ აიძულა. ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის მიზეზად იქ ბომბის შესაძლო არსებობა მოიმიზეზა და ბელარუსელმა ოპერატორებმა თვითმფრინავს უახლოეს, მინსკის აეროპორტში დაფრენა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ის ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკთან.

საბოლოოდ, მინსკში ჩხრეკის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ ბომბი არ იყო და თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით ვილნიუსში ჩაფრინდა. თუმცა, ორი მგზავრის გამოკლებით.

ბელარუსელმა სამართალდამდცველებმა თვითმფრინავის მინსკში დასმის შემდეგ დააკავეს ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ის ყოფილი რედაქტორი, რომან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა.

ამას დასავლეთის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ლუკაშენკას ხელისუფლების მოქმედებას აშშ-ის საელჩომ „შემზარავი“, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კი „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა. მკაცრი რეაქცია ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებსაც, შედეგად, ბელარუსმა ლატვიელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და ლიეტუვამ კი 24 მაისს ბელარუსში ფრენები შეაჩერეს.

გუშინ გავრცელდა ევროპული საბჭოს განცხადებაც, რომელშიც ბელარუსისთვის დამატებითი სანქციები იყო დაანონსებული.

ამასთანავე, საბჭომ მოუწოდა ევროპულ კომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლისგან. ბელარუსული ავიაკომპანიები კი შესაბამისი ზომების შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცესა და აეროპორტებს ვეღარ გამოიყენებენ.

მინსკში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, თუმცა უწყებას არც ჟურნალისტის დაკავება უხსენებია და ბელარუსის ხელისუფლების კრიტიკაც დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით უფრო მოზომილი იყო.

„ჩვენ მივესალმებით Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვებას დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ მის ბორტზე მყოფი მოქალაქეების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო ფრენის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო უწყებასთან შედარებით უფრო მკაცრი იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურება. „მიუღებელია „რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, – წერდა პრეზიდენტი.