სირცხვილია, საგარეო უწყება მსგავს განცხადებას აკეთებდეს - სამადაშვილი სამინისტროს განცხადებაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებს.

მან უწყების განცხადებას სირცხვილი უწოდა და მიმართა პარლამენტის საგარეო კომიტეტს, კომიტეტის სახელით გაკეთდეს ადეკვატური განცხადება მომხდართან დაკავშირებით.

სამადაშვილის მოსაზრებით, ბელარუსში მომხდარი იმდენად შემაშფოთებელია, რომ შესაძლოა, პარლამენტმა უნდა განხილოს  შესაბამისი რეზოლუციის მიღებაც იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც აქვს რეგიონში დემოკრატიას და იმ უმძიმეს გამოწვევებზე, რომელიც დემოკრატიული კუთხით არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში.

„ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო უწყება მსგავსი სრულიად არაფრისმთქმელი განცხადებით ეხმაურება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს, რადგან საკუთარი პოლიტიკური შინაარსით „ქართული ოცნება“ ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს ლუკაშენკოს რეჟიმთან, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომლებიც უკიდურესად აღშფოთებული არიან მომხდარით. ეს შეიძლება შევადაროთ მაგალითად, აფგან მუხთარლის გატაცებას საქართველოს ტერიტორიიდან, ალბათ, ესეც იყო მსგავსი მოვლენა და გვახსოვს, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელშეწყობით, ამიტომ ეს არის ის ხელისუფლება, რომელსაც ნორმალურად მიაჩნია ჟურნალისტების დასჯა, გატაცება და პირიქით, ხელი შეუწყო ამას აფგან მუხთარლის შემთხვევაში, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მათი რეაქცია ბელარუსის ჟურნალისტის დაპატიმრებაზე და ფაქტობრივად საერთაშორისო ტერორიზმის განხორციელებაზე არის ისეთი, როგორიც არის – არაფრისმთქმელი და ცარიელი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

ბელარუსის ხელისუფლებამ საბერძნეთიდან ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, გუშინ მინსკში ძალის გამოყენებით დასვა.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაჯდომა ბელარუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა MiG-29-მ აიძულა. ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის მიზეზად იქ ბომბის შესაძლო არსებობა მოიმიზეზა და ბელარუსელმა ოპერატორებმა თვითმფრინავს უახლოეს, მინსკის აეროპორტში დაფრენა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ის ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკთან.

საბოლოოდ, მინსკში ჩხრეკის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ ბომბი არ იყო და თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით ვილნიუსში ჩაფრინდა. თუმცა, ერთი მგზავრის გამოკლებით.

ბელარუსელმა სამართალამდცველებმა თვითმფრინავის მინსკში დასმის შემდეგ დააკავეს ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, რომან პროსტასევიჩი.