საია: ECHR-ის გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანი სისტემური გამოწვევებია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამოაქვეყნა ანგარიში „საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სისტემური ანალიზი ზოგად ღონისძიებებთან მიმართებით“.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ზოგად ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების გამომწვევი სისტემური, საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული მიზეზების აღმოსაფხვრელად და მსგავსი დარღვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად.

საიას ცნობით, 2026 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის წამყვანი საქმეების აღსრულების პროცენტული მაჩვენებლით საქართველო 65%-ით პირველ ადგილზეა. მაჩვენებელი ასახავს წამყვანი საქმეების იმ პროცენტს, რომლებზეც ზედამხედველობა დასრულებულია.

საქართველოს შემდეგ მოდიან:

  • უნგრეთი – 55%;
  • უკრაინა – 54%;
  • ალბანეთი – 53%;
  • აზერბაიჯანი – 25%;
  • რუსეთის ფედერაცია – 24%.

რუსეთი ევროპის საბჭოს წევრი აღარ არის.

საია აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის დახურვის პროცენტული მაჩვენებელი, თავისთავად არ აჩვენებს რამდენად რეალურად და მდგრადად აღმოიფხვრა ევროპული სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები. შესაბამისად, გადაწყვეტილებების აღსრულების შეფასება მხოლოდ ფორმალურ სტატისტიკურ მონაცემებს არ უნდა დაეფუძნოს.

ორგანიზაციის შეფასებით, აუცილებელია სახელმწიფოს მიერ გატარებული ზოგადი ღონისძიებების, მათი რეალური ეფექტისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეფასებების შინაარსობრივი ანალიზი.

ამ მიზნით, ანგარიშში თითოეული საქმის ან საქმეთა ჯგუფის შემთხვევაში შეფასებულია:

  • ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის ხასიათი და მისი გამომწვევი მიზეზი;
  • მინისტრთა კომიტეტის მიერ მოთხოვნილი ზოგადი ღონისძიებები;
  • სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი ნაბიჯები;
  • ამ ნაბიჯების შესაბამისობა კონვენციის სტანდარტებთან;
  • განხორციელებული ღონისძიებების პრაქტიკული ეფექტი.

საიას ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, განსაკუთრებით კი ზოგადი ღონისძიებების აღსრულების პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი სისტემური გამოწვევებით ხასიათდება.

ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ 2024 წლიდან ზოგიერთ სფეროში იკვეთება არა მხოლოდ აღსრულების პროგრესის შეჩერება, არამედ აშკარა უკუსვლაც.

საია აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულებით: მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის დემონსტრირების, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების, დისკრიმინაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართულებით.

ანგარიშში სხვადასხვა უფლებრივ სფეროში რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პრობლემა გამოიყოფა.

საიას მიხედვით, ხშირია აცდენა მინისტრთა კომიტეტის მიერ მითითებულ საჭირო ღონისძიებებსა და სახელმწიფოს რეაგირებას შორის.

ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტს მიუთითებს საკანონმდებლო ჩარჩოზე, გადამზადების პროგრამებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა ან ცალკეულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ შესაბამისი ღონისძიებები პრაქტიკაში ეფექტიანად უმკლავდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სისტემურ ხარვეზებს.

საია ასევე პრობლემად მიიჩნევს ფორმალურ რეფორმებსა და პრაქტიკაში მათ ეფექტიან განხორციელებას შორის არსებულ მნიშვნელოვან სხვაობას.

ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობის ან ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებები ხშირად ვერ უზრუნველყოფს უფლებების რეალურ დაცვას, ეფექტიან გამოძიებას, სასამართლო კონტროლს, დაზარალებულთა მონაწილეობასა და სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ანგარიშის კიდევ ერთი მიგნებაა, რომ აღსრულების პროცესში განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების არასათანადო ქმედითობა ან მათი შესუსტება.

საიას შეფასებით, ეს გარემოება პირდაპირ აისახება ევროპული სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრის შესაძლებლობაზე.

საია აღსრულების პროცესისთვის უარყოფით ფაქტორად ასევე მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, უფლებადამცველებისა და კრიტიკული აზრის მქონე პირების მიმართ მზარდ შემზღუდველ გარემოს.

ანგარიშში ამ კონტექსტში მოხსენიებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები და სხვა შემზღუდველი საკანონმდებლო ინიციატივები.

საიას შეფასებით, აღნიშნული კანონები და ინიციატივები ეწინააღმდეგება კონვენციის ღირებულებებს და ასუსტებს იმ აქტორების შესაძლებლობებს, რომლებსაც გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ.

ანგარიშის მიხედვით, დასკვნები მომზადებულია მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო დოკუმენტების, ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული მასალების შეჯერებული ანალიზის საფუძველზე.