სახალხო დამცველმა ტრანსგენდერი ქალის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა - თანასწორობის მოძრაობა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.

ტრანსგენდერი ქალის ინეტერესებს „თანასწორობის მოძრაობა” იცავდა. ორგანიზაციის იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელით საქართველოს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ საქმის მოკვლევის თაობაზე განაცხადით მიმართა.

სახალხო დამცველის ოფისი განმარტავს, რომ საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ უძრავი ქონების აგენტი წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრებებით მოქმედებდა. მისი უარი რაციონალური მოქმედებებიდან არ გამომდინარეობდა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე პირის უფლებისა და ინტერესების ხელყოფის საფუძველი. რეკომენდაციაში ყურადღება არის გამახვილებული ასევე ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საბინაო სფეროში ხშირ დისკრიმინაციაზე.