საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საერთო სახალხო განხილვა დღეს 19:00 საათზე დაიწყო. პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მოქალაქეებს შეკითხვების დასმის საშუალება ონლაინრეჟიმში მიეცემათ.

განხილვები ე.წ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო სისტემის გარშემო წარიმართება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაეფუძნოს 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

აღნიშნულ განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. „ევროპული საქართველოს” და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ შეთანხმებას მეორე ნაწილიც ჰქონდა და ის გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას შეეხებოდა. გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ ოპოზიცია „მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს და ამბობს, რომ ამის შესრულების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილეობას არ მიიღეს.

„შეთანხმების სანახევროდ შესრულება არ არსებობს. თუკი ოპოზიციის გარეშე იქნა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სანახევროდ შეასრულა შეთანხმება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორც ქართველი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე მთლიანად დაეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

„ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც კი 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და გიორგი რურუა გათავისუფლდება და ამ ეტაპზე დაიხურება პოლიტიკური პატიმრების ეს ძალიან არასწორი ფურცელი, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მხარი დავუჭიროთ ამ კონკრეტულ წინადადებას”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

„ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართულ სახალხო განხილვებში მონაწილეობას გეგმავს. მათი თქმით, ცვლილებების მხარდაჭერა იმ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დაიდო.

„ჩემი პოზიცია არის, რომ იმ შეთანხმებით აღებული ვალდებულება, რომელიც ავიღეთ და დავადასტურეთ ჩვენი ხელმოწერით, იმას შევასრულებთ და, შესაბამისად, ჩვენი ხმები გარანტირებული აქვს ამ კანონპროექტში ცვლილებას. მე ვფიქრობ, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს თავისსავე დადებულ პირობას და შეასრულოს ის ბოლომდე”, – განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ.

„მე ძალიან არასწორი მგონია ის, რომ ერთ პირობას რომ არ შეასრულებს ხელისუფლება, მეორე პირობაც არ შევასრულებინოთ. ეს არის ის რაც თავად უნდა მმართველ პარტიას. და მე  მგონია, რომ პოლიტიკურად მცდარი იქნება მას შევუქმნათ ისეთი პირობა, რომ თქვას, თუ არ გინდათ საკონსტიტუციო ცვლილება, დავთოვოთ ძველიო”,- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.